თელავის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან": გაიწვიეთ კანონი, ნუ უღალატებთ ქვეყანას
თელავის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან”, ლევან ბერძენაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, გაიწვიოს რუსული კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მან თქვა, დებს ფიცს, რომ დატოვებს როგორც პარტიას, ისე ფრაქციას და თანამდებობას საკრებულოში. ბერძენაშვილი არის თელავის საკრებულოს სამანდატო იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

„მე, როგორც იურისტი, როგორც 2 შვილი მამა, როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, როგორც თქვენი შვილების დამცველი, ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას, ვინაიდან თეთრი სახლი, ევროკავშირი მიგვითითებს, ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა, დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, შესაძლოა, დაკარგოთ კანდიდატის სტატუსი, შეიძლება, დაკარგოთ ყველაფერი, რაც ევროპას უკავშირდება.

ამიტომ, მე ცალსახად ვემიჯნები ამას და უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ეს კანონი გაითხოვოს. ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ პარტია „ქართულ ოცნებას”, ფრაქციას და თანამდებობას.

ჩემი თხოვნაა საქართველოს მთავრობასთან და ხელისუფლებასთან, ნუ დაარღვევთ კონსტიტუციას, ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას, ეს კანონი გაითხოვეთ უკან. კიდევ არის შანსი”,
– განაცხადა მან.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები