პარლამენტმა ალტერნატიული პროექტები უარყო და რუსული კანონის პირველი მოსმენა დაიწყო
საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონის ალტერნატიულ კანონპროექტები უარყო და პირველი მოსმენით რუსული კანონის განხილვას იწყებს. დეპუტატებმა კენჭი უყარეს ძირითადი და ალტერნატიული კანონპროექტების განხილვის საკითხს და გადაწყვიტეს, რომ განხილვის საფუძვლად იღებენ ძირითად კანონპროექტს ანუ „ოცნების“ მიერ წარდგენილ რუსულ კანონს.

რუსულ კანონს ორი ალტერნატიული კანონპროექტი ჰქონდა, რომლის ინიციატორი პარტია „საქართველოსთვის“ იყო.

პირველი ინიციატივა „რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ დევნას ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას, ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად თუ ფარულად ჩარევას.

მეორე ინიციატივა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებდა.

როგორ გაგრძელდება რუსული კანონის განხილვა

კანონპროექტს, რომელსაც საზოგადოებამ რუსულ კანონი უწოდა, დღევანდელ 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

კანონპროექტმა კანონად ქცევამდე წამყვან კომიტეტში სამი მოსმენა და პლენარულ სხდომაზე სამი მოსმენა უნდა გაიაროს.

პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ ჩაითვლება, რომ პარლამენტმა კანონი მიიღო.

ამის შემდეგ კანონი ხელმოსაწერად გადაეგზავნება პრეზიდენტს. კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შედის.

თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს, მისი მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში დაბრუნდება.

ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, კანონპროექტს ხელახლა ეყრება კენჭი. მხარდაჭერილი კანონი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გადაეგზავნება.

თუ პრეზიდენტი მას არ მოაწერს ხელს, კანონი ძალაში შესულად პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის და მისი გამოქვეყნების შემდეგ, ამ კანონით გათვალისწინებულ ვადებში ჩაითვლება.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər