„არ შეესაბამება EU-ში მისწრაფებებს, საქართველოს EU-ს დააშორებს" - მიშელი რუსულ კანონზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი პირველად ეხმაურება „ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ რუსულ კანონს და აცხადებს, რომ ის საქართველოს ევროკავშირს დააშორებს. მიშელი წერს, რომ რუსული კანონი არ შეეფერება საქართველოს EU-ში მისწრაფებებს.

„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და პასუხად, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ნება მომეცით, ვიყო მკაფიო: უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებებს, მისი გაწევრების ტრაექტორიას და საქართველოს EU-ს დააშორებს, არ მიაახლოებს”, – წერს ის.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər