აზერბაიჯანიდან გაგებული საქართველოს სიახლეები - მარნეულელების საინფორმაციო სივრცე
მსოფლიო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინფორმაციის მიღებისა და გაცვლისათვის სხვადასხვა საშუალებას: ტელევიზიას, რადიოს, სოციალური ქსელებს, ვებ გვერდებს იყენებს. ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობა იმ ინფორმაციის წყაროებს ეყრდნობა, რომელიც მისთვის მარტივად გასაგები და ხელმისაწვდომია. ასეთია, პირველ რიგში, მშობლიურ ენაზე მაუწყებელი საინფორმაციო საშუალებები. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მშობლიურ ენაზე მიღებულმა ინფორმაციამ შესაძლოა, უცხო ქვეყანასთან დაგაახლოვოს და თავისი პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი გაგხადოს. ასე ხდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ მუღანლოში მცხოვრები გურბანალიევების ოჯახი აზერბაიჯანულ ენაზე მაუწყებელ მედიასაშუალებებს იყენებს. ყოველ საღამოს, შვიდ საათზე, მისაღებ ოთახში, ტელევიზორთან იკრიბებიან. ეს რიტუალი მათთვის გართობაც არის და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაც.

უფროსები - ზამინი, სარა და აგაბაჯი ტელევიზორის წინ, სავარძელში სხდებიან. 16 წლის აივაზი და 17-ს სანანი იქვე, მაგიდასთან კალათდებიან.

ტელევიზორში აზერბაიჯანული გადაცემებია ჩართული. მართალია, ოჯახის ყველა წევრი საქართველოს მოქალაქეა და აზერბაიჯანში არც არასდროს უცხოვრიათ, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭების გარდა, ქართულად ვერცერთი საუბრობს. სწორედ ენის უცოდინრობის გამო, ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიიდან იღებენ.

„ძირითადად "ხეზერ"-ის ამბებს, გადაცემებს ვუყურებ, იმიტომ, რომ აზერბაიჯანული ვიცი. საქართველოში რაც ხდება აზერბაიჯანის არხებიდან ვიგებ. ქართულ არხებს არ ვუყურებ, იმიტომ, რომ ქართული არ ვიცი. ძირითადად "ხეზერს" და "სპეისს" ვუყურებ. ქართულ არხებსაც იჭერს, მაგრამ რომ ვუყურო, მაინც ვერაფერს ვიგებ“, - გვეუბნება ოჯახის ყველაზე ასაკოვანი წევრი, 58 წლის სარა გურბანალიევა.

ქართული ენა სარას 38 წლის შვილმა, ზამინ გურბანალიევმა, და 36 წლის რძალმა, აგაბაჯ გურბანალიევამაც არ იციან. ისინიც ძირითადად "აზტვს", "ატვს", "სპეისს" და "ლიდერს" უყურებენ, ხოლმე.

„ქართული ენა რომ არ ვიცი საქართველოსთან დაკავშირებით ამბებსაც აზერბაიჯანული არხებიდან ვიგებ. ქართული არხებიც არის, მაგრამ იმათ არ ვუყურებ“, - ზამინი ტელევიზიის გარდა, საქართველოსა და მარეულში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობითაც ეცნობა. ამბობს, რომ რადიო „მარნეულის“ გვერდიც მოწონებული აქვს და აზერბაიჯანულ ენაზე ინფორმაციას სწორედ აქედან იღებს.

ზამინის მსგავსად, სოციალური ქსელებიდან იგებენ ამბებს მისი თინეიჯერი შვილები, აივაზი და სანანი. ბიჭებმა ინტერვიუზე უარი თქვეს, თუმცა, პირად საუბარში აღნიშნეს, რომ მართალია, ქართულს სწავლობენ და ცოტა იციან კიდეც, მაგრამ ინფორმაიის მისაღებად უპირატესობას აზერბაიჯანულენოვან ვებ-გვერდებს ანიჭებენ.





სახელმწიფო ენის უცოდნირობა, უცხო ქვეყნის საინფორმაციო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმების საშუალებას არ გაძლევს. ამის გამო საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, შესაძლოა, მცდარი წარმოდგენა შეგექმნას.

გურბანალიევების მსგავსად, შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანულ მედიას ანიჭებს უპირატესობას აზერბაიჯანული თემი საქართველოში, მათ შორის მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატიც. პარლამენტარ რუსლან გაჯიევის ფეისბუქ გვერდზე სიახლეების ველის დათვალიერებისას, ხშირად შეხვდებით აზერბაიჯანული ტელევიზიებისა თუ ინტერნეტ გამოცემების მიერ საქართველოზე მომზადებულ ინფორმაციას. მაგალითად, რიგგარეშე არჩევნების პერიოდში, სიუჟეტებს მარნეულის მერის კანდიდატის, ზაურ დარგალის შესახებ. უნდა აღვნიშნო, რომ ამდაგვარ რეპორტაჟებსა თუ სტატიებს ადგილობრივი მედიასაშუალებებიც ავრცელებენ, მაგრამ დეპუტატის საინფორმაციო ველში ისინი არ ხვდება.

„ეს იყო ჩემთვის სასიამოვნო თემები, და ჩემ პირად გვერდზე გავაზიარე, ეს ჩემი უფლებაა. ეს აზერბაიჯანულ ენაზე იყო და ჩვენი მოსახლეობის უმეტესობაც აზერბაიჯანულენოვანია და სწორედ ამიტომ გავაზიარე.“ - გვეუბნება რუსლან ჰაჯიევი, რომლის ფეისბუქ გვერდზეც “ATV”, “OXU.AZ”, “REDAKTOR.AZ” და “DIASPORPRESS.AZ”-ის სტატიებია გაზიარებული. მათში, ძირითადად, მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებითაა საუბარი, კონკრეტულად კი იმაზე თუ რატომ უნდა ავირჩიოთ საქართველოს მოქალაქეებმა ზაურ დარგალი.



რუსლან გაჯიევის მიერ გაზიარებული აზერბაიჯანული საიტები

იქედან გამომდინარე, რომ სამთავრობო კანდიდატის შესახებ აზერბაიჯანულ მედიაში ბევრი დაიწერა და მას ადგილობრივები აქტიურად აზიარებდნენ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამთავრობო უწყება ეთნიკურად აზერბაიჯანელ ამომრჩევლამდე ხმის მიწვდენას სწრედ უცხო ქვეყნის მედიასაშუალებებით ცდილობს. ამას უარყოფენ „ქართული ოცნების“ შტაბში. ზაურ დარგალის წინასაარჩევნო კამპანიის პიარ ხელმძღვანელმა მარიამ ხაჩიძემ გვითხრა, რომ ისინი ყველა მედიასაშუალებას ერთნაირ პირობებში აყენებდნენ და არ ჰქონდათ გათვლა, რომ ზაურ დარგალის წინასაარჩევნო კამპანია აზერბაიჯანულ მედიაში გაშუქებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ გურბანალიევების მთელი ოჯახი და მარნეულელი დეპუტატიც აზერბაიჯანული მედიის მომხმარებლები არიან, უცნობია ძირითადად რას უყურებენ მარნეულელები, რადგან აქ აუდიტორიას არცერთი კომპანია ზომავს.

აზერბაიჯანული და რუსული არხების ყურება მარნეულელებს ანტიდასავლური და რუსული პროპაგანდის სამიზნედ აქცევს. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის შესასწავლად „მედიის განვითარების ფონდმა“ კვლევა ჩაატარა. ორგანიზაციამ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მცხოვრებთა ინფორმაციის ძირითადი წყაროების იდენტიფიცირება მოახდინა და შეისწავლა ის მედია გზავნილები, რაც ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.

„ინფორმაციის მიღების არაფორმალური წყაროები არის საკმაოდ მაღალი, საქართველოს სხვა ნაწილებისაგან განსხვავებით. რაც შეეხება ფორმალურ მედიას და იმ წილს ვინც უცხო ენაზე იღებდა ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ყველზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა რუსეთის პირველ არხს და „რასია 24-ს“. ჩვენ ამ ტელევიზიებს მონიტორინგი ჩავუტარეთ და ვნახეთ, რომ ყველაზე ხშირად გზავნილები იყო ამერიკის, ინგლისისა და ევროკავშირის წინააღმდეგ გაკეთებული.“ - ამბობს სოფო გელავა

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „მედიის განვითარების ფონდის“ მკვლევარი ამბობს, რომ რომ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული სატელევიზიო არხების მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია. მოსახლეობის 45 % არცერთ ტელევიზიას არ ენდობა. ამის მიზეზია ნაციონალური არხების მიერ რეგიონის პრობლემების იგნორირება და ის, რომ მოქალაქეები მედიასაშუალებების კონტენტის ნაწილად საკუთარ თავს ვერ აღიქვამენ.

სოფო გელავამ ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობაზეც. მან აღნიშნა, რომ არხის პირდაპირი მოვალეობაა ეთნიკური უმცირესობების წარმოამდგენლებს ინფორმაცია მთთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს. მოსახლეობა კი საზოგადოებრივ მაუწყებელს არ უყურებს და მას რუსულ ან აზერბაიჯანულ მედიას ამჯობინებს, რადგან მეტი არჩევანი აქვს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია