სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემა მარნეულში და მუნიციპალიტეტის გეგმები
სოფელი კასუმლო მარნეულიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში მისვლამდე მიხვდებით, რომ მარნეულს არაერთი არალეგალური ნაგავსაყრელი აქვს, რომლებიც საცხოვრებელ სახელებთან ძალიან ახლოს მდებარეობს. არც კასუმლოა ამ მხრივ გამონაკლისი, ნაგავსაყრელზე ბავშვის საფენებს, შუშისა და პლასტმასის ბოთლებს, მინის ნამსხვრევებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ცხოველებისა და ფრინველების ნეშტს შეხვდებით. არსებულ ვითარებას მოსახლეობა თითქოს შეჩვეულია და ნაგავსაყრელს  ყოველდღიურად ახალი  ნარჩენები ემატება.



არსებულ სიტუაციას კი სანაგვე ურნების არარსებობით ხსნიან. სწორედ ეს ნარჩენები ხვდება ხშირად იქვე მდებარე სარწყავ წყალში, რომლითაც მოსახლეობას სხვადასხვა პროდუქტი მოჰყავთ. საქართველოს აგრალურ ბაზრებში კი მარნეულის პომიდორი საპატიო ადგილს იკავებს ხოლმე და მოვაჭრეებიც ერთ-ერთ ნატურალურ და უსაფრთხო პროდუქტად მიიჩნევენ. შეიძლება ითქვას, რომ მარნეულელი მოსახლეობის უმეტესობა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული და თითქმის ყველა სოფელს პროდუქტის მოყვანა დაბინძურებული წყლით უწევთ.



„ჩვენთან, ნაგავს არხშიც ყრიან და უბრალოდ გზაზეც. მე თვითონ როცა მოსავალს ვრწყავ, ათასგვარ ნარჩენი მოსდევს ხოლმე წყალს და ამით მომყავს პროდუქტი. ურნებიც არაა ვინმეს რამე შენიშვნა რომ მივცეთ“. - თქვა ჰაფის იუსუბოვმა

„ნებისმიერი სახის ნაგავს  არხში ყრიან. ეს კი განაპირობებს სოფლის დაბინძურებას.  არსად ნაგვის ურნა არ დგას, სადაც უნდათ იქ ყრის ნაგავს. ამ წყალს კი მოსავლისა და საყოფაცხოვრებო საქმეების შესასრულებლად ვიყენებთ“. - ამბობს ილიას საფაროვი

„ბავშვების საფენებსაც კი წყალში ყრიან. წყლის გარეშე რა უნდა ვქნათ. მოსავლის მოსაყვანადაც ასეთ წყალს ვიყენებთ და პირუტყვსაც ამას ვასმევთ“. - თქვა გულუ ასკეროვმა


გარდა იმისა, რომ მოსახლეობას დაბინძურებული არხის წყლით უწევს პროდუქტის მოყვანა, სახლებთან გადაყრილი ნარჩენებით შინაური ცხოველებიც ბალახობენ. იყო შემთხვევები, როდესაც მსხვილფეხა პირუტყვი გადაყრილი ნემსისგან ან პოლიეთილენის ცელოფნისგან გაიგუდა. ხშირად შინაური ფრინველებიც იკვებებიან ნარჩენებით.  მერე, თავად ეს ქათმები, ბატები და იხვები  იქცევიან პატრონის ან ბაზრის კლიენტის მთავარ კერძად.



მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც 83 სოფელია, სტიქიური ნაგავსაყრელების რაოდენობა 86-ს აღწევს . შეიძლება ითქვას, რომ მარნეულის თითოეულ სოფელს, მინიმუმ ერთი ნაგავსაყრელი მაინც აქვს. მართალია, ადგილობრივმა მერიამ ნაგავსაყრელების დასუფთავება დაიწყო და ამ დრომდე დაახლოებით 20 სოფელი დასუფთავდა, თუმცა სისუფთავის შენარჩუნების გარანტია დაბალია. მუნიციპალიტეტის ბალანსზე სულ 580 ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი და 11 ნაგავმზიდი მანქანაა, რაც არასაკმარისია.

ნარჩენებით დაბინძურებული გარემო რომ პირველ რიგში ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება ამას გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN -ის „ნარჩენების მართვის პროგრამის“ ხელმძღვანელის მოადგილე ნინო თევზაძეც გვიდასტურებს.

„ძალიან ხშირ შემთხვევაში არალეგალური ნაგავსაყრელები მდინარის და წყლის ობიექტების ახლოს არის განთავსებული. ბუნებრივია, ასეთ ადგილას მოყვანილი პროდუქცია და ამ წყლით მორწყული სასოფლო სამეურნეო პროდუქცია არ არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, აქტიური ღონისძიბებია ჩასატარებელი. საკმაოდ დიდი რაოდენობით ხდება ჩვენთან პლასტმასის ნივთების გამოყენება. მათ შორის ერთჯერადი ნივთები ძალიან დიდი რაოდენობით არის და გარემოში ისინი დეგრადაციას არ განიცდიან, არ იხრწნებიან. სამწუხაროდ, კვლავ ჩვენს კვებით ჯაჭვში ხვდება ეს ნარჩენები და სერიოზულ პრობლემებს იწვევს ჯანმრთელობისთვის". - ამბობს ნინო ჩხობაძე



თევზაძე მიიჩნევს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობას. განსაკუთრებით სკოლის ეტაპიდანვე. სწორედ ამ მიმართულებით CENN არაერთ კამპანიას, სემინარებს თუ ტრენინგებს ატარებს, რათა მოსახლეობამ თავად გაიაზროს რა ტიპის საფრთხე ადგებათ მათი არასწორი ქმედების შედეგად.

2019 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტებში ნარჩენების სეპარირებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწყობილი. 

ქაღალდის, ალუმინის, შუშისა და პლასტიკის შესაგროვებლად მუნიციპალიტეტებში უნდა გამოიყოს შესაბამისი ადგილი, სადაც მოქალაქე ნარჩენების მიტანას შეძლებს.

მარნეულის მერიამ შეიმუშავა ორგანაული ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა, რომელშიც სეპარირებისა და გადამუშავების საკითხებიცაა შესული. როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფორმაციისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი ირინე მაჭარაშვილი ამბობს, მარნეულისთვის ნარჩენების მართვა ერთ-ერთი პრიორიტეტულია.

ნარჩენების მართვა ეტაპობრივად ხდება. მივიღეთ 5 წლიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების სამოქმედო გეგმა, რომელშიც ძალიან ბევრი ეტაპებია გაწერილი. შესაბამისად, აქ ჩადებულია სეპარირების მიმართულებაც. შესწავლილი გვაქვს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პრობლემები და გაწერილი გვაქვს  პრიორიტეტული საკითხები. მათ შორის, ერთ-ერთი არის სეპარირება“ - გვითხრა ირინე მაჭარაშვილმა.

ის რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში გარკვეულწილად ნარჩენების სეპარირების მექანიზმი ამოქმედდა ამ ფაქტს დადებითად აფასებს "მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე , თუმცა მთავარ პრობლემად არსებულ მწირ ტექნიკას და ბიუჯეტთან შეუსაბამობას ასახელებს.

„არის პრობლემა მწვანე ურნებთან დაკავშირებით და ისმის კითხვა სად წავიღოთ ნარჩენები?  5 წლიან სამოქმედო გეგმაში აუცილებლად უნდა იყოს ჩაწერილი საპრესი მოწყობილობა. უნდა იყოს ნაგავმზიდი მანქანები ცალკე, რომელიც ამას აგროვებს . არ შეიძლება ერთ მანქანაში ყველა ნარჩენი გროვდებოდეს. ეს მხოლოდ მარნეულის პრობლემა არაა. ეს არის პრობლემა მთლიანად საქართველოსი. რეალურად,ჩვენ არ გვყოფნის ტექნიკური უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტებში." - ამბობს ნინო ჩხობაძე

როგორც ჩხობაძემ თქვა, ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც მარნეულს და ზოგადად საქართველოს აქვს, ეს არის ბმა ბიუჯეტთან. აუცილებელია, რომ ბიუჯეტში გაიწეროს თანხები, რომელიც 5 წლიანი გეგმით გაწერილ პრიორიტეტებს შეასრულებს. სხვა შემთხვევაში სეპარირებას მხოლოდ ფორმალური სახე ექნება და რეალურ შედეგს ვერ მივიღებთ.  სეპარირების სისტემის გამართვა  კი , რომელსაც ევროკავშირთან დადებული ხელშეკულება გვავალდებულებს, ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას ექნება მეტი უსაფრთხოება და უკეთესი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სეპარირების, ნარჩენების გადამუშავების ეფექტური მუშაობით კი ნაგვის მოცულობას შევამცირებთ.









Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები