EMC-იმ შესაძლოა მარნეულის მერიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს
მარნეულის მერიის წინააღმდეგ შესაძლოა სამართლებრივი დავა ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) დაიწყოს. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც რადიო „მარნეულის“ ეთერში სიუჟეტი გავიდა იმის შესახებ, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ, მერიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი ინფორმაცია აღარ გვხდება.

როგორც ჩვენთან საუბარში EMC – ის თანასწორობის პროგრამის პროექტის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე ამბობს, მუნიციპალიტეტს პოზიტიური ვალდებულია გააჩნია საკუთარი მოსახლეობის მრავალეთნიკურობიდან გამომდინარე ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე გაავრცელოს. ამის შეუსრულებლობა კი ინტეგრაციის პრობლემას იწვევს.

„მე ვფიქრობ, სწორედ ეს იწვევს იზოლაციას ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების. გამოდის, რომ სახელმწიფო მათ არ ელაპარაკება, სახელმწიფო მათ არ უზრუნველყოფს მიმდინარე პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გაზიარებით, რაც ცხადია, არის პირველადი მიზეზი იზოლაციის და ინტეგრაციის პრობლემის ამ რეგიონში.“ - ამბობს მიქელაძე.

ის, რომ მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანულ ენაზე გადათარგმნილი სიახლეები და განცხადებები აღარ ვრცელდება ამას ადგილობრივებიც ამჩნევენ და მის საჭიროებებზე საუბრობენ:

„არიან მოქალაქეები, რომლებიც ქართული არ ვიცით. ამიტომ, სახელმწიფოში კანონი უნდა არსებობდეს, რომ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნონ. ბოლო პერიოდში სახელმწიფო რაღაც აგრესიულია ჩვენი , აზერბაიჯანელების მიმართ.“

„ასაკოვანმა ხალხმა ქართული ენა არ იცის, ცხადია, თარგმანი უნდა იყოს.“

„მარნეულში უმეტესად აზერბაიჯანლი ცხოვრობს. მათ უფლება აქვთ იგებდნენ ახალ ამბებს მათთვის გასაგებ ენაზე. აუცილებელია აზერბაიჯანულ ენაზე იყოს თარგმანი.“

„აქ უმეტესობამ ქართული არ იცის. მე მესმის, მაგრამ აზერბაიჯანულად ახალი ამბების გაზიარება მნიშვნელოვანია.“ - ამბობს გამოკითხვისას მოსახლეობა.


თამთა მიქელაძე ჩვენთან საუბარში კიდევ ერთ საკითხს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ უმცირესობების ენაზე ასევე პრობლემურია საჯარო ინფორმაციის მიწოდება.

„სახელმწიფო ენის შესახებ კანონის 24-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი განცხადებები, შეტყობინებები და ა.შ სახელმწიფო ენაზე უნდა შესრულდეს. თუმცა ისეთი მუნიციპალიტეტები, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებულები ეროვნული უმცირესობები, აგრეთვე უნდა შესრულდეს ეროვნული უმცირესობების ენაზე. ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კონვენცია მუნიციპალიტეტებს ასევე აკისრებს ვალდებულებას, რომ, სადაც დიდი რაოდენობით არიან უმცირესობები წარმოდგენილები უნდა შეეცადო, შეძლებისდაგვარად უზრუნველყო ისეთი პირობები, სადაც შესაძლებელს გახდი ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციაში უმცირესობების ენის გამოყენებას.“ -თქვა მიქელაძემ

თამთა მიქელაძე ამბობს, რომ მარნეულის მერიასთან შეხვედრას გეგმავენ, რათა გაუზიარონ ის სამართლებრივი სტანდარტები რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და რომელის შესრულების ვალდებულება მათ გააჩინა.

გადაითარგმნება თუ არა მერიაში სიახლეები უმცირესობების ენაზე, ამის პასუხის მისაღებად ჩვენ ტრადიციულად ოფიციალური წერილის მიწერას გვთხოვენ.

ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვეციის მე-10 მუხლის თანახმად:

1. მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ, რომ ყველა პირს, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, თავისუფლად და ყოველგვარი ჩარევის გარეშე, აქვს უფლება გამოიყენოს მისი უმცირესობის ენა კერძოდ და საჯაროდ, ზეპირად და წერისას.

2. იმ ადგილებში, სადაც ტრადიციულად ან დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილი პირები, თუკი ეს პირები მოითხოვენ და სადაც ეს მოთხოვნა პასუხობს რეალურ საჭიროებას, მხარეები ეცდებიან შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ ისეთი პირობები, რომლებიც შესაძლებელს გახდიან უმცირესობის ენის გამოყენებას ამ პირებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის ურთიერთობებში.


სახელმწიფო ენის შესახებ კანონი

ე-9 მუხლის მე 3 ნაწილი: იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობისათვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას.
ასევე: 11 მუხლის მე- 4 ნაწილი: იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან, დაადგინონ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი, რომელიც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული უმცირესობისათვის მიკუთვნებული პირის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის, მასზე გაცემული პასუხის თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს აქვს.
12. მუხლის მე-2. ნაწილი იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტის ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს აქვს.
მუხლი 13. სამართალწარმოების ენა

საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი.

მუხლი 24. საჯარო ინფორმირების ენა

საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზედაც, ხოლო იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, – აგრეთვე ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები