საიმერლოს ბაღის გახსნა კვლავ გადაიდო
სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ვერც 1-ლ ოქტომბერს განახლდება. ამის შესახებ ინფორმაცია ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა გვითხრა, რომელიც გასულ კვირას ვარაუდობდა, რომ ბაღი პირველ ოქტომბერს გაიხსენებოდა.

„ბოლო ეტაპზეა სამუშაოები ახლა. ველოდებით საოჯახო ტექნიკის და ავეჯის მოტანას და განთავსებას. სწორედ დღეს ვისაუბრეთ საიმერლოს საბავშვო ბაღის თემაზე და მგონი, 10 რიცხვში გავხსნით“ - თქვა ზაურ ქარამოვმა.

სოფელ საიმერლოს ახალი საბავშვო ბაღი აქვს. ამის მიუხედავად, 140-მდე აღსაზრდელი, 16 სექტემბერს სახლში დარჩა. მიზეზი იმ ტენდერის ჩაშლა გახდა, რომლითაც მუნიციპალიტეტს საოჯახო ტექნიკა, მაცივრები, ელეტროქურები და სხვა საჭირო ნივთები უნდა შეეძინა.

საიმერლოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა შენობის ავარიული მდგომარეობის გამო გახდა საჭირო. ორი წლის განმავლობაში, 100-მდე აღსაზრდელი ამავე სოფლის ერთ-ერთ კერძო სახლში იყო შეფარებული.

ახალი საბავშვო ბაღი „შპს მემონტაჟე ნიკამ“ ააშენა, რომელსაც სამუშაოებისთვის ერთ წელზე მეტი დასჭირდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტზე 587 000 ლარი დაიხარჯა.

მუნიციპალიტეტში ამჟამად 14 საბავშვო ბაღი მუშაობს, რაც მარნეულის მასშტაბით სკოლამდელი განათლების მიღებას ვერ უზრუნველჰყოფს. მაგალითად, წელს, არასაკმარისი ადგილების გამო, 200 აღსაზრდელი სარეზერვო სიაშია.

სოფელ საიმერლოს 140-მდე აღსაზრდელი დღეს ბაღში ვერ წავიდა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები