შესაძლებელია თუ არა მარნეულში დისტანციური სწავლება - მასწავლებლების მოსაზრებები
კორონავირუსის გამო მოსწავლეებს გაკვეთილების თუ დავალების მომზადება, დისტანციურად, მასწავლებლების დახმარებით მოუწევთ. დისტანციური სწავლების მეთოდი შეიძლება ითქვას, რომ მარნეულის სკოლების უმრავლესობისათვის უცხო თემაა,  ვალდებულება კი სრულიად ახალი. მარნეულის რესურსცენტრის დირექტორი  ქენან ომაროვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას დისტანციური სწავლების განხორციელების რეალურ შედეგებზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ ინფორმაციას განათლების სამინისტროდან ელოდება.

„ჯერჯერობით ჩვენც ველოდებით ზუსტად რა იქნება. ვიცით, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადავდივართ, მაგრამ მასალებს რაც შეეხება, ხომ უნდა მოვიდეს სკოლებისთვის ამის დეტალურ ინფორმაციას და ინსტრუქციას განათლების სამინისტროდან ველოდებით“

ზვიად ფიფია, წლებია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგნის  N1 საჯარო სკოლაში ასწავლის. დისტანციური სწავლება მისთვის და მისი მოსწავლეებისათვის ახალი გამოწვევაა. ჯერჯერობით არ იცის ზვიადმა თუ როგორ გაამართლებს სწავლების ეს მეთოდი. შიშობს, რომ მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი დისტანციურ სწავლებაში ჩაბმას ვერ შეძლებს.

„კონსულტაციები გამიწევია მოსწავლეებისათვის სოციალური ქსელით, მაგრამ ეს არ არის დისტანციური სწავლება. რა თქმა უნდა, აქ არის პრობლემა ინტერნეტთან დაკავშირებით რამდენად ხელმისაწვდომია დაუშვათ ჩემი მოსწავლეებისათვის და რამდენად მოვახერხებ მთელი კლასის ჩართვას, ეს არის პრაქტიკულად შეუძლებელი, იმიტომ, რომ უმრავლესობას ან კომპიუტერი არ გააჩნია, ან თუ აქვთ ინტერნეტის პრობლემაა, ვფიქრობ რა შეიძლება მოვახერხო. უმრავლესობა ამ პროცესის მიღმა რომ რჩება ეს ძალიან მაფიქრებს. - გვეუბნება ზვიად ფიფია

ზვიადი ფიქრობს, რომ დისტანციური სწავლება იმ შემთხვევაშიც გაჭირდება თუ მშობელმა არ იცის კომპიუტერის გამოყენება.

„მშობელმა ხომ უნდა იცოდეს რაღაცა, აი , პირველკლასელი მშობლების გარეშე ხომ ვერ ჩაერთვება სწავლების ახალ პროცესში? მშობლებს როგორ უნდა გააგებინო.  რამდენად მოხერხდება მთლიანად კლასების ჩართვა არ ვიცი - ამბობს პედაგოგი.

ინტერნეტის პრობლემა სოფელ კაჩაგნის გარდა მარნეულის მუნიციპალიტეტის ჩანახჩის საჯარო სკოლაშიცა. როგორც დირექტორი, მანანა მანუკიანი ამბობს, ყველა მოსწავლე კომპიუტერთან ან ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.

მიუხედავად ამ პრობლემებისა, განათლების სამინისტროში რადიო „მარნეულს“ დღეს უთხრეს, რომ უწყება ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს და დისტანციური სწავლება წესით არ უნდა გაჭირდეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სამინისტრო სკოლებს სწავლების განსხვავებულ მოდელს, სავარაუდოდ, ხვალ შესთავაზებს.

,,დღეს ყველა სკოლის ადმინისტრაციას ექნება სამინისტროს მიერ მომზადებული რეკომენდაციები, მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი კომუნიკაცია შედგეს სკოლას, ადმინისტრაციას, მასწავლებელს, დამრიგებელს, მშობელსა და მოსწავლეს შორის. სწორად დაიგეგმოს გარკვეული აქტივობები არდადეგების პერიოდში. პარალელურად განათლების სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ გამართოს გარკვეული სასწავლო მიმართულებით დისტანციური სწავლება და სავარაუდოდ ხვალ უკვე შესთავაზებს განსხვავებულ მოდელს სწავლების“, – წერია Edu.aris.ge-ს ვებ გვერდზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სწავლების ახალ მოდელზე გადასვლა 74 საჯარო სკოლას მოუწევს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები