სიახლე
მოსავლის გაფუჭება - კორონავირუსზე დიდი საფრთხე ფერმერებისთვის
სოფელ საიმერლოს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში კარანტინი არ იგრძნობა. მოსახლეობა დილიდან მიწაზე მუშაობს. ზოგი ხნავს, ზოგი თესავ, ნაწილი კი ვენახს უვლის. მხოლოდ ოჯახის წევრები შრომობენ, ამიტომ დისტანციის დაცვის პრობლემა არ დგას. თუმცა, საიმერლოელებს კარანტინზე მეტად ის აწუხებთ, თუ როგორ აისახება ახალი კორონავირუსის გამო შეცვლილი რეალობა მათ მიერ პროდუქციის მოყვანა-გასაღებაზე.

მარნელის მოსახლეობის უმრავლესობა თავს სწორედ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით ირჩენს. მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული, აქვთ დიდი ვენახები. საიმერლოელი გლეხები ამბობენ, რომ ზუსტად ამ პერიოდშია საჭირო გარკვეული შხამ-ქიმიკატების გამოყენება, რომლის გარეშე, შესაძლოა, მოსავალი გაფუჭდეს.

„ვნახოთ ამის შემდეგ რა იქნება. როგორც ვიცი, ახლა მარტო საკვები პროდუქტების მაღაზიებია დარჩენილი, მაგრამ სოფლის მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შხამ-წამლების მაღაზიები გაიხსნას. მთავრობა სულ უფასოდ თუ არ დაგვირიგებს წამლებს, მაღაზიები მაინც გახსნან და რაიმე შეღავათი დაგვიწესონ, რომ მოსახლეობას პროდუქტი არ გაუფუჭდეს“, - გვეუბნება ზვიად შუბითიძე, რომელიც ვენახში შვილთან ერთად მუშაობს.

ამ ეტაპზე ვენახს არა, მაგრამ ხეხილს, რომელმაც უკვე ყვავილი გამოიღო, შეწამლვა აუცილებლად სჭირდება.

„კორონას კრიზისი არაფერია, კრიზისი მერე ნახეთ, ეს ამდენი მოსავალი თუ არ მოვიდა და გაფუჭდა, ნამდვილი კრიზისი და შიმშილობა მერე დაიწყება“.

საიმერლოში ფიქრობენ, რომ მთავრობამ სოფლის მეურნეობა ამ ეტაპზე პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა განსაზღვროს, რადგან მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, შესაძლოა, საქართველოში პროდუქტების იმპორტი შესუსტდეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი რადიო „მარნეულს“ ეუბნება, რომ მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო მაღაზიები მუშაობს. რაც შეეხება მოსახლეობისათვის შხამ-წამლების შესაძენად გარკვეული შეღავათის დაწესებას, ეს საკითხი სამინისტროში ამ ეტაპზე არ განიხილება. თუმცა, მოვლენების განვითარების შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რაიმე პროგრამა დაემატოს.

მარნეულის მერი, ზაურ დარგალი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ გაჩერებულა, პრობლემა არ შექმნილა და არც მომავალში შეიქმნება პროდუქციის გასაღების კუთხით.

23 მარტიდან მარნეული კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს. სოფელში ხალხი სახლიდან მხოლოდ ნაკვეთის დასამუშავებლად გადის. ცარიელია „ბირჟა“. პროდუქტი, რომლის მოსაყვანად დილის 6 საათიდან შრომობენ, მათი არსებობის ერთადერთი წყაროა.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია