სიახლე
მარნეულის მერიასთან შეკრებილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ვიდეო)
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ დღეს, 30 მარტს, ხალხი დილიდან მძიმე ეკონომუკურ მდგომარეობას აპროტესტებს და დახმარებას ითხოვს.

მოსახლეობის უმეტესობის პროტესტი სოფლებში პროდუქტზე გაზრდილმა ფასებმა გამოწვია, რადგან მათ საკვების შესაძენად საკმარისი ფული არ აქვთ.

„ვირუსისაგან კი არ მოვკვდებით, შიმშილი მოგვკლავს“ - ამბობს მერიასთან მისული ქალი

მარნეულის მერი რადიო „მარნეულს“ უხსნის, რომ მუნიციპალიტეტში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მერიის მიერ გაცემული დახმარება ყველა მარნეულელს გადაეცემა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მუნიციპალიტეტის მასშტაბით გვაქვს სიები, ვისაც უნდა დავეხმაროთ. მე ახლა იტალიელი მერების მსგავსად, ემოციურად, მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლებში და ნუ გამოვლენ გარეთ“, - გვითხრა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერმა მოსახლეობას დაშლა სთხოვა. მოუწოდა, სახლში წასულიყვნენ და დაჰპირდა, რომ სოფლის რწმუნებულები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები მათ საჭიროებებს გაეცნობოდნენ.

მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე რადიო „მარნეულს“ ეუბნება, რომ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და მერია ცდილობს, ყველა მარნეულელს მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია.

მარნეულის მერიის მიმდებარედ ხალხმრავლობა ამ დრომდე შეინიშნება. მერის მოწოდების მიუხედავად, მოსახლეობა სახლებში არ მიდის, მაგრამ ცდილობს, ერთმანეთისაგან დისტანცია დაიცვან.

მარნეულის მერიამ, ამ დროისათვის, სასურსათო პროდუქტით 1 000-მდე ოჯახი მოამარაგა.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.




რადიო „მარნეული“


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია