EMC საგანგებო მდგომარეობის დროს მარნუელში მოსახლეობის დაჯარიმებას ეხმიანება
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო თვითნებობის ფაქტებს ეხმიანება.

EMC-ს მიერ მომზადებულ მასალაში აღნიშნულია, რომ მათ მიერ ჩაწერილ ახსნა-განმარტებებში და ასევე მედიასთან მიცემულ კომენტარებში მოქალაქეები უთითებენ, რომ შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან მათი დაჯარიმება უსაფუძვლოდ და თვითნებურად მოხდა.

„მაგალითად, სოფელ შულავერის მაცხოვრებელი მ. ნ.-ს განმარტებით, მას საგანგებო მდგომარეობა არ დაურღვევია და სოფელში არსებულ მაღაზიასთან პროდუქტის შეძენის მიზნით იმყოფებოდა, რა დროსაც ის პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა. მ.ნ.-ს განმარტებით, იგი მოხუც დედასთან და მცირეწლოვან ძმისშვილთან ერთად ცხოვრობს. დედამისი ქრონიკული დაავადებით არის დაავადებული და 28 მარტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, ხოლო შემდგომ ოჯახის წევრებისთვის საჭმელი მოამზადა და პურის შეძენის მიზნით, მაღაზიაში წავიდა. მისი თქმით, მაღაზიასთან მისულმა ნახა, რომ მაღაზიის მეპატრონე ადგილზე არ იყო და მეპატრონის მოსვლამდე მაღაზიასთან გაჩერდა, სადაც აგრეთვე იმყოფებოდა მისი ორი თანასოფლელი, ასევე პროდუქტის შეძენის მიზნით. მ.ნ.-ს თქმით, ადგილზე პოლიციის ოთხი თანამშრომელი მივიდა და მას პოლიციის განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვა. მ. ნ.-ს განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს მისი მითითება, რომ მაღაზიაში პურის საყიდლად იყო გამოსული და სახლში ავადმყოფი დედა და მცირეწლოვანი ძმისშვილი ელოდებოდნენ. მისი თქმით, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღნიშნულ განმარტებაზე უთხრა "ფეხებზე მკიდია რისი ყიდვა გინდოდა, არ მაინტერესებს, შენმა ოჯახის წევრებმა ქვა შეჭამონო" და შეაგინა.“ – EMC-ს განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნულ პირთან ერთად, შულავრის პოლიციის განყოფილებაში დააჯარიმეს მისი ორი თანასოფლელიც.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი წერს, რომ მ.ნ.-ს განმარტებით, მან პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ ქართულად წერა-კითხვა არ იცოდა, ამიტომ შედგენილი ოქმის გაცნობას ვერ შეძლებდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ოქმის თარგმნა მისთვის გასაგებ ენაზე არ უზრუნველყვეს.

ორგანიზაცია მარნეულში შექმნილ მძიმე სოციალურ ფონზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტში ამ დრომდეც სუსტი იყო სოციალური ინფრასტურქტურა, სერვისები და რესურსები, ხოლო კარანტინის გამოცხადებისა და გადაადგილების შეზღუდვის შემდგომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის პირობები კიდევ უფრო გაუარესდა.

„მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სადაც მათ შორის, პრობლემურია სახელმწიფო უწყებების სათანადო კომუნიკაცია და საკარანტიო რეჟიმის წესებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის ადგილობრივ თემებამდე მათთვის გასაგები ენაზე მიტანა, სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ რეპრესიული მიდგომების გამოყენება და ზოგიერთ შემთხვევაში სავარაუდო თვითნებური მოპყრობა, წინააღმდეგობაში მოდის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.“ - წერს EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის დროს მოქალაქეთა ვალდებულებებსა და უფლებების შესახებ, მათთვის გასაგებ ენაზე, საინფორმაციო კამპანია უნდა ჩაატარონ.

EMC შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ შეისწავლოს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან გადაცდომის შემთხვევები და უზრუნველყოს სათანადო სამართლებრივი რეაგირება და უზრუნველყოს პოლიციის თანამშრომელთა მიერ არაეთიკური ქცევის და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევების პრევენცია და ამ კუთხით პროაქტიული ნაბიჯები გადადგას. ხოლო საქართველოს მთავრობასა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას მოუწოდებს, რომ გაითვალისწინონ საგანგებო მდგომარეობის გამო დასაქმების და ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახებისა და მოქალაქეების სოციალური და ჰუმანიტარული საჭიროებები და უზრუნველყონ მათი სოციალური მხარდაჭერის სამართლიანი და მდგრადი პროგრამები.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები