სიახლე
თამარისის სპორტული დარბაზის მშენებლობაზე დასაქმებულებს ანაზღაურების აღება სასამართლოს გზით შეუძლიათ - ზაურ ტაბატაძე
მარნეულის მერიის წინ დღეს, 3 აპრილს, დილის საათებიდან სოფელ თამარისის სპორტული ცენტრის მშენებლობაზე მომუშავე მუშები იყვნენ შეკრებილი. მუშები მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისაგან, შპს „ანნა“, გასამრჯელოს აღებას ითხოვდნენ.

„ჩვენი ფულის აღებას ვითხოვთ, იქ ვმუშაობდით, მაგრმ ფულს არ გვაძლევენ. დაახლოებით 10-15 ადამინი ვმუშაობდით, მაგრამ ხელფასი ჯერ არ მოუციათ. მაგალითად, მე კვადრატულობით ვმუშაობდი, ზოგი დღიურ გასამრჯელოს იღებდა, მაგრამ არცერთისთვის არ გადაუხდიათ ხელფასი. აქ (მერიის წინ) იმიტომ ვართ, რომ ესენი მაინც დაგვეხმარონ“ - გვითხრა ხაგანი ალიევმა



რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თამარისში სპორტული ცენტრის მშენებლობის სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შპს „ანნა-ს“ დირექტორმა ალექსი კურტანიძემ თქვა, რომ მუშებისათვის ხელფასის გადახდას მარნეულის მერიის გამო ვერ ახერხებენ.

„მერიას აქვს ჩამოსარიცხი თანხა, უნდა გადაგვიხადოს და მაგიტომ ვერ დავფარეთ მუშების ანაზღაურება. არ ვიცი როდის იქნება, პროცესშია ეს ყველაფერი. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ, მეტ პასუხს ვერ გაგცემთ“ - შპს „ანნა-ს“ დირექტორი ალექსი კურტანიძე

მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძემ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ შპს „ანნა-ს“ თანამშრომლებისათვის ხელფასების გადაუხდელობის არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან მერიამ შესრულებული სამუშაოებისათვის კომპანიას თანხა უკვე გადაუხადა.

„425 897 ლარის სამუშაოები აქვს კომპანიას შესრულებული, მერიის მიერ გადარიცხული თანხა კი 438 440 ლარს შეადგენს. მთ ჰქონდათ აღებული ავანსი 100 000 ლარი, რომელსაც გაუვიდა ავანსის ვადა 2020 წლის 16 თებერვალს. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოებიდან საავანსო მომსახურეობა დაექვითათ 37 500 ლარი. შპს „ანნამ“ ვერ შეძლო სამუშაოების გაგრძელება, ხელშეკრულება გაუქმებულია და მას აქვს გარკვეული პრეტენზიები მერიასთან და ჩვენც გვაქვს გარკვეული პრეტენზიები, ამ ეტაპზე სასამართლოში გადაინაცვლებს ჩვენი დავა“ - გვითხრა ზაურ ტაბატაძემ

მარნეულის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ მუშებმა, რომლებსაც კომპანია ანაზღაურებას არ აძლევს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და სამართლებრივი გზით მოსთხოვოს შპს „ანნა-ს“ ხელფასების ჩარიცხვა. ტაბატაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტი კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის არსებულ დავაში ვერ ჩაერევა.
რადიო „მარნეული“


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია