მარნეულელებს პორტებიდან მანქანების გამოყვანა მინდობილობის საფუძველზე შეუძლიათ
მარნეულელებს რომლებსაც ბათუმისა და ფოთის პორტებში ავტომობილები ჰყავთ გაჩერებული მანქანის გამოყვანა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით შეუძლიათ.

რეშადეთ ახმედოვის მანქანა ფოთის პორტში 19 მარტს ჩამოვიდა. კონტეინერის გახსნისა და მანქანის გაყვანის ვადა კი 31 მარტიდან პირველ აპრილამდე იყო. რეშადეთი ფოთის პორტში ჩასვლას, 23 მარტს, მარნეულის საკარანტინო ზონად გამოცხადებისა და ქალაქის ჩაკეტვის გამო ვერ ახერხებს.

„მანქანა თუ დროულად არ გამოვიყვანე, როგორც ვიცი, დღიურად 35 ევრო ჯარიმა მერიცხება. გასვლას ვერ ვახერხებ მარნეულიდან. არ ვიცი როგორ მოვიქცე. ადრე მინდობილობას ვაკეთებდით და სხვა ადამიანს შეეძლო მანქანის გაყვანა პორტის ტერიტორიიდან. მაგრამ ახლა ნოტარიუსიც არ მუშაობს და არ ვიცი როგორ მოვიქცე, ინფორმაცია არ მაქვს.“ - გვეუბნება რეშადეთი

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ახმედ იმამკულიევი რადიო „მარნეულთან“ ამბობს, რომ მას ბევრი მარნეულელი დაუკავშირდა და იგივე პრობლემით მიმართა.

„მარნეულში ბევრი ბიზნესმენია, რომლებიც საზღვარგარეთიდან ყიდულობენ მანქანას და შემდეგ აქ, საქართველოში, ყიდიან. ათობით ადამიანმა დამირეკა და მითხრა, რომ ბევრი მანქანები დგას ბათუმისა და ფოთის პორტებში და ისინი ვერ ახერხებენ მათ გამოყვანას“ -გვითხრა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევი გვეუბნება, რომ მარნეულის მერიას შესთავაზა, რომ მოეწვიათ მარნეულში მომუშავე ნოტარიუსი და მოქალაქეები, რომლებსაც მანქანები პორტებში ყავთ ჩარჩენილი და ნოტარიულად დამოწმებული საბუთების მეშვეობით მოქალაქეებს შესაძლებლობა მისცენ, რომ მანქანები მარნეულის საკარანტინო ზონამდე მოიყვანონ.

მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ მარნეულის ჩაკეტვის შემდგომ, მუნიციპალიტეტი რამოდენიმე ადამიანს უკვე დაეხმარა ავტომობილების ფოთისა და ბათუმის პორტებიდან გამოყვანაში.

„ამ მიმართულებითაც მუშაობს მუნიციპალიტეტში ჯგუფი. მარნეულიდან, სატელეფონო ზარით ან სკაიპით და სხვადასხვა აპლიკაციების მეშვეობით, მოქალაქე ურეკავს ნოტარიუსს, რომელიც მინდობილობას აკეთებს. მინდობილობის საფუძველზე, ერთი მოქალაქე მიდის ფოთში, აგვარებს საკითხს და მოჰყავს მანქანები მარნეულის საკარანტინე ზონამდე“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერის განმარტებით, მოქალაქეებს, რომელთაც პორტებიდან მანქანების გაყვანა სურთ შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტში სპეციალურად შექმნილ ჯგუფს, რომელიც სადისტრიბუციო საკითხზეა პასუხისმგებელი.

მარნეულის მერიაში საკარანტინო პერიოდის დროს სადისტრიბუციო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანია, რომელსაც შეგიძლიათ ამ ნომერზე დაუკავშირდეთ: 551 77 79 88

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები