მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამავე საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ თქვა, რომ კორონავირუსის ტესტირების პასუხი საავადმყოფოში დღეს, 17 აპრილს, მიიღეს.

„6 აპრილს ეს თანამშრომელი გეგმიურად გაიტესტა და მაშინ არ ჰქონდა ვირუსი. შემდეგ, 11 აპრილს იყო მისი მორიგეობა და საღამოს დაუფიქსირდა მხოლოდ ტემპერატურა 37,2 გრადუსი, სხვა სიმპტომები არ ჰქონია. მაშინვე მოვხსენით მორიგეობიდან, მეორე დღეს უკეთესად იყო და წავიდა სახლში. შემდეგ, ისევ მისცა სიცხემ, გუშინ სასწრაფო გამოიძახა და შემოვიდა კლინიკაში და დღეს დაუდგინდა ვირუსი“ - გვითხრა ტატა შენგელაიამ

დაინფიცირებული ექთანი მარნეულის რაიონში ცხოვრობს.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორის თქმით, 51 წლის დაინფიცირებულ ქალს საავადმყოფოს მხოლოდ ორ თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი.

„დაახლოებით ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ამ ქალს ჩვენს თანამშრომლებთან ჰქონდა კონტაქტი, მაგრამ ახლა ორივე მათგანი მაინც თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. მათ ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ“

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის ზონად 23 მარტს გამოცხადდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები