მარნეულში სილამაზის სალონების ნაწილმა მომხმარებლის მიღება დღეს ვერ შეძლო
დღეიდან, 18 მაისიდან, სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები გაიხსნა. რადიო „მარნეული“ მუნიციპალიტეტში მდებარე  ოცამდე სალონში იმყოფებოდა. შენობის ნაწილი დაბოქლომებულია, უმეტესობა კი ღია, თუმცა მომხმარებლებისთვის ჯერ კიდევ დაკეტილია. სტილისტები ახლა ოთახების მოწესრიგებასა და სისუფთავეზე ზრუნავენ. მარნეულში მდებარე სალონ „ლილის“ ადმინისტრაცია წუხს, რომ ორი თვე შემოსავლის გარეშე იყვნენ.  ზუსტად არც ის იციან რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ, თუმცა   სადენზინფექციო საშუალებები თუ თერმოსკრინინგის აპარატი უკვე შეძენილი აქვთ.



„ყოველ წუთას ახალ ახალი რაღაცები გამოდის (რეგულაციები) ჩვენც ვეცნობით და ვცდილობთ წესები არ დავარღვიოთ. დღეს გავხსენით სალონი და გვაინტერესებს რა და როგორ იქნება“ - ამბობს სალონის მეპატრონე ლეილა არსლანი

„ხომ იძახიან, რომ ერთჯერადი კომპენსაცია უნდა მოგვცეს სახელმწიფომ. განა ჩემთვს იქნება ეგ ფული, ისევ სალონს უნდა დავახარჯო. ოჯახში პურს ვიყიდი  მაგ ფულით თუ რა? ისევ აქაურობისთვის უნდა ვიყიდო ხალათებიო, პირბადეებიო ხელთათმანებიო - ათასი რაღაც. არ ვიცი სალონმა როგორ უნდა იმუშაოს, მე წარმოდგენაც არ მაქვს. არც გადასარევი მუშაობაა. აქეთ ქირის ფულს ვიხდი, იქით საჭმლის ყიდვა მჭირდება, არ ვიცი რა იქნება“ - გვითხრა მანიკურის სპეციალისტმა ალვინა არუწიუნოვამ.

იგივე პრობლემების წინაშე დგანან სხვა სალონის წარმომადგენლებიც. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობენ, უმეტესობა ჯერ კიდე გაურკვევლობაშია და სიახლეებს ეტაპობრივად ეცნობა. ორი თვე, რომელიც, ფაქტობრივად, ხელცარიალებმა გაატარეს, შიშობენ, რომ ვითარებას ადვილად ვერ გაუმკლავდებიან.  



„თუ სადმე არის ეს წესები,  ჩვენც წავიკითხავთ და დავიცავთ. მე ჯერ არაფერი ვიცი წესების შესახებ და როცა მეცოდინება, აუცილებლად დავიცავ. შვილთან ერთად ვმუშაობთ აქ. ამბობენ ქორწილების გადახდა არ შეიძლებაო და ჩვენის საქმე პირდაპირ კავშირშია ქორწილებთან.. თუ ქორწილი არ იქნება, ჩვენ შემოსავალიც არ იქნება. მე ოჯახს ამ საქმით ვარჩენ და ეს 55 დღე ჩემი დიდი ზარალი იყო. იმდენი ვალი ავიღე,  რომ არ ვიცი როგორ დავფარავ“ - თქვა ერთ-ერთი სალონის წარმომადგენელმა გულნარა ბაირამოვამ.

„არავინ მოგვაწოდა  ინფორმაცია წესების შესახებ. ინტერნეტში წავიკითხეთ და თვითონ ვცდილობთ დავიცვათ რაც ვიცით. თერმოსკრინინგი 20 თანამშრომელი ვისაც ჰყავს მათ სჭირდება. ჩვენ ოთხნი ვართ და ჩვეულებრივი თერმომეტრით ვზომავთ სიცხეს. ამბობენ, ქორწილი ჯერ კიდევ არ იქნებაო და არ ვიცით როგორ ვიმუშავებთ“ - თქვა მარნეულის ერთ-ერთი სალონის წარმომადგენელმა.


სალონები ვალდებულები არიან  გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. მათ შორისაა უკონტაქტო თერმომეტრების, დამცავი ფარების, დეზობარიერების, ნიღბების და ხელთათმანების გამოყენება.  სამუშაო სივრცეში მომხმარებელთა რაოდენობა უნდა გაკონტროლდეს — 5მ2 ფართობზე უნდა იყოს დაშვებული ერთი მომხმარებელი და სპეციალისტი. თითოეულ სამუშაო მაგიდას შორის დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი დისტანცია. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, სივრცეების იზოლირებისთვის უნდა გამოიყენონს ისეთი ბარიერების (მოძრავი კედლები/შირმა და სხვ.) გამოყენება, რომლის გარეცხვა ან გაწმენდა შეიძლება. ასევე აუცილებეი პირობაა სალონში წინასწარ ჩაწერა და სხვა.

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის უცნობია თუ ვინ გააკონტროლებს მუნიციპალიტეტში სალონების ფუნქციონირების საკითხს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები