ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი მეუფე გიორგისთან და მარნეულის თვითმმართველობის წევრებთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს
„პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე, 16 ივლისს, მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟის და მის ადგილას ხუდია ბორჩალოელისა და ერეკლე მეორის საერთო ძეგლის დადგმის მოთხოვნით გამართული აქციის შემდგომ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან მეუფე გიორგისთან (ჯამდელიანი), მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან მამუკა ნავერიანთან და მარნეულის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ლერი ფანგანთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი 2013 წლის 21 აგვისტოს “საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა” და “გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა” დააფუძნა. გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.

გორჩაკოვის ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის წესდების მიხედვითაც, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

რადიო „მარნეულის“ ზარებს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე არ პასუხობს.

მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა 24 მაისს, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებული განცხადების შემდგომ დაიწყო. მაშინ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის მარნეულის მერს ზაურ დარგალს უსაყვედურა და ის კანონდარღვევაში დაადანაშაულა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და მარნეულის მერმა ძეგლი საკუთარი სახსრებით გაარემონტა. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიისაგან ამ დრომდე არ მიუღია ოფიციალურ წერილზე პასუხი, თუ საედან გამოიყო ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები.

მარნეულში არსებული ძეგლების მოვლა-შენახვა მუნიციპალური დასუფთავების სამსახურის პრეროგატივაა. „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის 7 000 ლარამდე დაიხარჯა. მისი თქმით, ორგანიზაციას ძეგლების მოვლა-შენახვისათვის ბიუჯეტში თანხები აქვს გამოყოფილი და ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციაც სწორედ ამ თანხით, მარნეულის მერის ბრძანების საფუძველზე, მოხდა.


გარეკანის ფოტო: დიმიტრი ლორთქიფანიძის ფეისბუქ გვერდიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები