ბურმელები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მერიასთან იყვნენ შეკრებილები

დღეს, 20 ივლისს, სადახლოს ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფელ ბურმის მოსახლეობა მარნეულის მერიის წინ შეიკრიბა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება მოითხოვა.

მოსახლეობის განცხადებით, მერია მათ კვირაში სამჯერ 60 ლიტრ წყალს აწვდის, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ისინი მერიისაგან ითხოვდნენ, რომ სასმელი წყალი არა კვირაში სამჯერ, არამედ ყოველდღიურად მიაწოდონ.

სოფელ ბურმის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას უკვე მეოთხე წელია ითხოვს. ბურმელების თქმით, მერიაში მათ განუცხადეს, რომ 2 აგვისტომდე სოფელში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება.

„ჩვენი პრობლემა მხოლოდ წყალია. წყალს გვიზიდავენ, ჭა გათხრილია, მაგრამ ასე დარჩა შუა გზაზე. მერიაში ზაურ ტაბატაძე შეგვპირდა, რომ 2 აგვისტომდე პრობლემა მოგვარდება. ხანდახან, ხუთ დღეში ერთხელ გვაწვდიან სასმელ წყალს, ხანდახან კი ყოველდღიურად. 60 ლიტრს გვაწვდიან. მე ძროხები მყავს და რა ვქნა? წყალს დასალევად ვერ ვპოულობთ, ხალხი აფრიკაში არ ცხოვრობს ასე“ - ამბობს ელმადდინ ჯაფაროვი

მარნეულის მერის ერთ-ერთი თანაშემწე ადილ ალიევი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სოფელში სასმელი წყლის ჭაბურღილს აკეთებენ. მისი თქმით, ბურმაში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ტენდერი ორჯერ გამოცხადდა, მაგრამ სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

„მოსახლეობასაც ვუთხარით, ერთხელ გაითხარა სოფელში ჭა, მაგრამ მერიამ თანხა უკან გამოითხოვა, რადგან კომპანიამ სამუშაოები არასწორად შეასრულა. გათხრილი ჭიდან წყალი არ წამოვიდა. შემდგე, კიდევ ორჯერ გამოცხადდა ტენდერი გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა. უკვე სამი კომპანიაა გამარჯვებული. გამარჯვების შემდეგ, კომპანიებმა სამუშაოები ვერ შეასრულეს. 2 დღე მივეცით, რომ საბუთები წარადგინონ. დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, ოთხშაბათამდე, კომპანიასა და მერიას შორის ხელშეკრულება გაფორმდება. 1-2 აგვისტომდე სოფელში სამუშაოები დაიწყება“ - აცხადებს ადილ ალიევი.

ადილ ალიევმა აღნიშნა, რომ 15 ნოემბრიდან მოყოლებული სოფელ ბურმის მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობა კვირაში სამჯერ 60 ლიტრ წყალს აწვდის.



რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები