იმამკულიევი ოპოზიციის ნაწილის მიერ ევროკავშირის შეთანხმების ხელმოწერას მხარს არ უჭერს
ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ შარლ მიშელის შეთავაზებული დოკუმენტისათვის ხელმოწერას „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი ახმედ იმამკულიევი უარყოფითად აფასებს. მისი განმარტებით, დოკუმენტში ამ დრომდე არაა მკაფიოდ განსაზღვრული ორი ძირითადი საკითხი პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პლებისციტის ჩატარება, რომლის მეშვეობითაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვა იქნება შესაძლებელი.

„ევროპული საქართველო“ პირველები ვიყავით ვინც ამბობდა, რომ დოკუმენტში კონკრეტული დრო და კონკრეტული თემები უნდა დაიწეროს, რომელიც ამ დოკუმენტში ღიად არ წერია. ამჟამად ეს არის არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვეუბნებოდით, რომ პირველ რიგში პლებისციტი უნდა ჩატარდეს, რისთვისაც ამომრჩევლის 51 პროცენტია საჭირო, რათა განგვესაზღვრა უნდა ჩატარდეს თუ არა ხელახლა საპარლამენტო არჩევნები, ესაა ერთ-ერთი პირობა რაზეც დღევანდელ ხელისუფლებასთან უნდა შევთანხმდეთ, რათა შევიდეთ პარლამენტში. კიდევ ერთ პუნქტში პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე იყო საუბარი. ჩვენ იმიტომ არ ვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, რადგან ვიცით, რომ ჯერ კიდევ არ არიან განთავისუფლებული პოლიტიკური პატიმრები ნიკა მელია და გიორგი რურუა“ - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევის განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტში უმთავრესი ნაწილი მთავრობის მიერ პოლიტპატიმრებით ვაჭრობის შეწყვეტას უნდა დათმობოდა. მისი განმარტებით „ევროპული საქართველოს“ მიერ დოკუმენტისათვის ხელის მოწერაზე უარის თქმა ამ დათქმის არარსებობამაც განაპირობა.

„არ ვუჭერ იმ პირების გადაწყვეტილებას მხარს, რომლებმაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს. მომავალი გვაჩვენებს ვინ იქნება უფრო მართალი ამ სიტუაციაში“. - განაცხადა იმამკულიევმა

19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკურმა მხარეებმა ევროკავშირის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკის წევრი თაკო ჩარკვიანი.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

„ქართულმა ოცნებამ“ (არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა)
„ლელომ“ (ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ)
„სტრატეგია აღმაშენებელმა“(გიორგი ვაშაძემ)
„გირჩმა“ (ვახო მეგრელიშვილმა)
„გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ (ზურა ჯაფარიძემ)
სალომე სამადაშვილმა
დავით ბაქრაძემ
„რესპუბლიკურმა პარტიამ“(ხათუნა სამნიძემ)
„მოქალაქეებმა“ (ალეკო ელისაშვილმა)
შეთანხმებას ხელი მოაწერა არმაზ ახვლედიანმაც, რომელიც დეპუტატი „ევროპული საქართველოს“ პროპორციული სიით გახდა.

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს შეთანხმებისთვის ახალი წინადადება წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას,მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები