იმამკულიევი „ოცნების“ მაჟორიტარს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს - ხახუაშვილი ბრალდებას უარყოფს
მარნეულის მერობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან", ახმედ იმამკულიევი, "ქართული ოცნების" მარნეულის ოლქის მაჟორიტარ კანდიდატს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს.

იმამკულიევმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მანრეულის მაჟორიტარობის კანდიდატის ვასილ ხახუაშვილის წარმომადგენელი ჯანდარის დასახლების მაცხოვრებლებს ჰპირდება, რომ არჩევნებში ხმის მიცემის სანაცვლოდ გზებს დააგებს.

""მარნეულში, სოფელ ჯანდარაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, ვასილ ხახულაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. კერძოდ, მისი წარმომადგენელი ამომრჩევლებს პირდება, რომ ხელისუფლების წარდგენილი კანდიდატი საკუთარი ხარჯებით დაუგებს გზას თუ სანაცვლოდ არჩევნებში მმართველ გუნდს შემოხაზავენ. ჩვენ უკვე მივმართეთ ამ მოსყიდვის ფაქტის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ პრესცენტრს, თუმცა არანაირი უკურეაგირება არ ყოფილა." - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

მარნეულის მერობის კანდიდატი ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით, მაგრამ განმარტავს, რომ ხელისუფლების მხრიდან რეაგირების იმედი არ აქვს, რადგან არჩევნებში ხმების ნებისმიერი გზით მოპოვება "ქართული ოცნების" ხელწერაა.

ახმედ იმამკულიევის ბრალდებებს უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი მარნეულში. ვასილ ხახულაშვილმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას განაცხადა, რომ სოფელში გზას ადგილობრივი ბიზნესმენი აგებდა, ხოლო თავად ადგილზე მადლობის მოსახდელად მივიდა.

"სახელი ვიცი (ბიზნესმენის) ბატონი ელჩინი, გვარი ნამდვილად არ ვიცი, არ მახსენდება. მოსკოვიდანაა ჩამოსული და ბიზნესი აქვს რუსეთში როგორც ვიცი. მარნეულში ვარ დაბადებული და გაზრდილი და მაგ უბანში ყოველდღიურად მიწევს სიარული და რომ ავიარე და ჩემს სამაჟორიტარო ოლქში ბეტონს აგებდნენ უბრალოდ დავინტერესდი ვინ აგებდა. გავიცანი პიროვნება და მადლობა მოვუხადე, ეგ იყო და ეგ". - განაცხადა ვასილ ხახულაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია