მარნეულში „შოთაობა“ აღნიშნეს და რუსთაველის ძეგლი გახსნეს
დღეს, 24 ნოემბერს, მარნეულში პირველად „შოთაობა“ აღინიშნა. „შოთაობის“ ახლადდაწესებულ დღესასწაულზე მარნეულის ბიბლიოთეკის წინ შოთა რუსთაველის ძეგლი გახსნეს.

რუსთაველის ძეგლი საზეიმო ვითარებაში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) გახსნეს.

„დღეს არის ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, რომ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, ჩვენი წარსული რათა მომავალში გადავდგათ ბრძნული ნაბიჯები. ისეთი პიროვნება, როგორიცაა შოთა რუსთაველი არის ჩვენი იდენტობის ნაწილი, ჩვენი ბავშვობა, ჩვენი ფესვები, რაზეც უნდა აღიზარდონ ჩვენი მომავალი თაობები. მე მახსენდება ნეტარი ავგუსტინეს სიტყვები, რომ ვაი იმ კაცსო, ვინც ყველაფერი იცის და შენ არ გიცნობს უფალოო და ამ მხრივაც მართლაც საოცარი არის მისი აღსასრულის წლები. თქვენ იცით, რომ ჯვრის მონასტერში არის დაცული უძველესი ფრესკა და ეს ფრესკა გვამცნობს, რომ რუსთაველის მომავალი ცხოვრება დაკავშირებული იყო სასულიერო ცხოვრებასთან. იგი ბერად შედგა იერუსალიმის ჯვრის მამათა მონასტერში და მან თავისი სიბრძნით, ასევე სულიერი მდგომარეობით მან შეიცნო უპირველეს ყოვლისა ღმერთი“. - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა

შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნა და „შოთაობის“ დღესასწაულის დანიშვნა დადებითად შეაფასეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. „შოთაობაზე“ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს მარნეულის მერმა ქენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, პარლამენტარმა ზაურ დარგალმა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

„მინდა მოგახსენოთ, რომ დღევანდელი დღე მარნეულის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა, მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ჩვენ გავხსენით უდიდესი პოეტის შოთა რუსთაველის ძეგლი, რომელიც მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიოში უდიდესი პოეტი იყო და ჩვენ, თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ ამითი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ საქმეში“. - თქვა მარნეულის მერმა ქენან ომაროვმა

24 ნოემბერს შოთაობის დღესასწაულის დანიშვნას მხარი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაუჭირა. მერიაში აცხადებენ, რომ „შოთაობა“ ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწელს გაიმართება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები