მარნეულის ხიდის ქვეშ გარე განათების მოწყობა 5 922 ლარად იგეგმება
ქალაქ მარნეულის ცენტრალური ხიდის ქვეშ საღამოს საათებში გავლა მარნეულელების ნაწილისათვის პრობლემურია. ხიდის ქვეშ გარე განათება მოწყობილი არაა რის გამოც ღამის საათებში მოსახლეობის ნაწილი ამ ადგილზე გავლას თავს არიდებს.

მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის ხიდის ქვეშ გარე განათების მოწყობას ადგილობრივი თვითმმართველობა 5 922 ლარად გეგმავს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მაღალაშვილის ხიდის ქვეშ გარე განათების მოწყობისათვის პროექტი ჯერ კიდევ 2021 წელს შეისყიდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ მარნეულში დარჩენილი ქუჩებისა და ჩიხების გარე განათების მოწყობისთვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის 3 864 ლარიანი ტენდერი 2021 წლის მარტში გამოაცხადა. მაღალაშვილის ხიდის ქვეშ გარე განათების მოწყობა დაგეგმილი იყო მერიის 2021 წლის ივლისში გამოცხადებულ 129 995 ლარის ღირებულების ტენდერშიც, რომლის მიხედვითაც ქალაქში დარჩენილი ქუჩებისა და ჩიხების გარე განათების მოწყობის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო, მაგრამ ცენტრალური ხიდის ქვეშ გარე განათება მაინც არ მოეწყო.

მაღალაშვილის ხიდის ქვეშ გარე განათების მოწყობისათვის ტენდერი მერიამ 2022 წლის 18 აპრილს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 29 აპრილიდან 2 მაისამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხიდის ქვეშ გარე განათება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები