უცნობია დაემატება თუ არა მარნეულის მერიის საიტს აზერბაიჯანულენოვანი ვერსია - ვებ-გვერდი კვლავ განახლების პროცესშია
მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი ჯერ კიდევ განახლების პროცესშია. საიტზე ინფორმაცია მხოლოდ ქართულ ენაზეა განთავსებული, არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე კი მერიის საიტზე ინფორმაცია არ იძებნება.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით ჭიკაძემ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე საიტის განახლება მიმდინარეობს, განახლების დასრულების შემდგომ კი გამოჩნდება თუ რა ცვლილებები შევა მარნეულის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

„ტექნიკური თვალსაზრისით მიდის განახლება, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით მიდის განახლება და როგორც კი დასრულდება ცნობილი გახდება თუ კონკრეტულად რა სახის ცვლილებები შევა. თავისთავად, იქ განახლებულია ბევრი რამ, უფრო მეტი ინფორმაცია ემატება გამჭვირვალობისთვის და ა.შ. რომ განახლდება რაც უნდა ჰქოდეს მუნიციპალურ საიტს ექნება ყველაფერი“. - განაცხადა დავით ჭიკაძემ

მარნეულის მერიის საზოგადობეასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს იქნება თუ არა აზერბაიჯანულენოვანი ვერსია მუნიციპალიტეტის განახლებულ ვებ-გვერდზე. ჭიკაძე ვერ აკონკრეტებს საიტის რეკონსტრუქციის დასრულების დროსაც.

„ცოცხალი პროცესია, ბევრი მასალებია რომლებიც უნდა განახლდეს და ყოველ შემთხვევაში ზუსტად ვერ გეტყვით როდის მოხდება განახლება. ასევე, როგორც იცით საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება არასრული შემადგენლობით მუშაობს და ეს თავისთავად შემაფერხებელი ფაქტორია“. - ამბობს დავით ჭიკაძე

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტის განახლება ჯერ კიდევ 2016 წლიდან მიმდინარეობს. 2018 წელს, თემურ აბაზოვის მარნეულის მერიად ყოფნის პერიოდში, საიტს აზერბაიჯანული ვერსიის ღილაკიც დაემატა, მაგრამ ის უფუნქციო იყო და რამდენიმე დღეში მერიის გვერდიდან აღნიშნული ღილაკიც გაქრა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თინათინ მაშანეიშვილმა, რადიო „მარნეულს“ ჯერ კიდევ 2017 წელს განუცხადა, რომ მერიის საიტი რეკონსტრუქციის პროცესში 2016 წლიდან იყო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები