ხარკოვიდან მარნეულამდე გამოყოლილი ომის ხმა
იულია შერპანი უკრაინიდან, ქალაქ ხარკოვიდანაა. 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ იულიამ და მისმა ოჯახმა ხარკოვის დატოვება გადაწყვიტეს. იხსენებს, რომ აფეთქებები დილის 5 საათიდან დაიწყო და მთელი ოჯახი, დილის 5 საათზე, ბომბების ხმამ გააღვიძა. ერთი თვის განმავლობაში იულია, მისი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე, ძმები, რძლები, ძმიშვილები და მეზობლები თავს სარდაფს აფარებდნენ. შემდგომ კი, დიდი შიშის მიუხედავად, ხარკოვის დატოვება გადაწყვიტეს.

„ჩვენი შიშისა და რისკის მიუხედავად წასვლა გადავწყვიტეთ. ჩვენ წავედით დასავლეთ უკრაინის მიმართულებით და უკვე ავტობუსით რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით ბათუმში ჩამოვედით. ჩვენს თავზე ფრინავდნენ რაკეტები, თვითმფრინავები, გამანადგურებლები. ჩვენ სარდაფში ვიყავით და მთელი სახლი ზანზარებდა როდესაც ისინი დაფრინავდენ, ძალიან ბევრი იყვნენ, დღემდე ცხრილავენ სოფლებს, დასახლებებს, რომლებიც საზღვართან მდებარეობს და ჩვენი საცხოვრებელი ადგილი საზღვრიდან 380 კილომეტრში მდებარეობს. ჩვენ საქართველოში 13 მარტს ჩამოვედით და მას შემდეგ აქ ვართ. შემდეგ სახლი გვიპოვეს და ახლა აქ ვცხოვრობთ, ძალიან გვეხმარება ხალხი და ნელ-ნელა ჩვენს ყოფა-ცხოვრებას ვალაგებთ“.

იულია, მისი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე მარნეულში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს მეუფე გიორგის (ჯამდელიანის) მეშვეობით მოხვდნენ. თავდაპირველად ოჯახი მეუფის რეზიდენციაში ცხოვრობდა, ახლა კი ცალკე სახლში არიან გადასული.

„აქ რა თქმა უნდა, დიდი მხარდაჭერა გვაქვს ხალხის მხირდან. მეუფე გიორგი ძალიან დაგვეხმარა, გულთბილად მიგვიღო. მასთან რეზიდენციაში ვცხოვრობდით, ის და მისი მრევლი სახლის პოვნაში დაგვეხმარა და დეღემდე ძალიან გვეხმარება, როგორც საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრაში, ასევე სულიერად გვამხნევებს და გვერდში გვიდგას ძალიან მადლიერი ვართ ყველასი ვინც გვერდში დაგვიდგა. განსაკუთრებით ხალხის, უბრალო ხალხის, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ. სიმართლე გითხრათ არ გამჭირვებია საქართველოსთან შეგუება, რადგან ქართველები და უკრაინელები ძალიან მსგავსი ხალხია. ქართველები ისეთივე გულისხმიერი და სტუმართმოყვარე ხალხია როგორიც უკრაინელები, ყოველთვის დაგეხმარებიან და არასდროს მიგატოვებენ“.

იულია ხარკოვში მასაჟისტად მუშაობდა. აქვს მასაჟისტის სერთიფიკატები და მცირეწლოვან ბავშვებთან და დიდებთან მუშაობის გამოცდილებაც. ამბობს, რომ ყველაზე მეტად საკუთარი საქმე ენატრება და იმედოვნებს, რომ მარნეულში კლიენტები გამოუჩნდებიან.

„მე სამედიცინო განათლება მაქვს. ვმუშაობ როგორც უფროსებთან, ისე პატარა ბავშვებთან 3 თვის ასაკიდან. ბავშვებთან ძირითადად სამკურნალო მასაჟი და გიმანასტიკაა. რა თქმა უნდა, მინდა მუშაობა, მინდა ისევ მასაჟით დავკავდე, მინდა რომ ყველაფერი დალაგდეს, მინდა ადამიანებისათვის გამოსადეგი ვიყო და ამავდროულად განვვითარდე. მუშაობა ისეთი რამაა, რომელიც საშუალებას გაძლებს ბევრი თემისაგან განცალკევდე. სიმართლე გითხრათ, ბავშვებთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა. ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა იმის ნახვა თუ როგორ ეხმარება შენი შრომა ადამიანს, მაგალითად როდესაც პატარას არ შეეძლო სიარული და შენს შემდეგ უკვე შეუძლია დგომა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა მასაჟისტად მუშაობის გაგრძელება მინდა, რადგან ესაა ის რაც შემიძლია და რაც მომწონს“

ხარკოვიდან დევნილ იულიას პაციენტების მიღება სახლში შეუძლია, ასევე შეუძლია მათ ბინაზე ესტუმროს. მსურველებს იულიასთან დაკავშირება შემდეგ ნომერზე შეუძლიათ: 511 24 51 57

ურთიერთობა რუსებსა და უკრაინელებს შორის

ხარკოვი უკრაინაში, რუსეთის საზღვართან, მდებარეობს. მოსახლეობა როგორც უკრაინულად, ასევე რუსულად საუბრობს. იულია იხსენებს, რომ ომამდე რუსებსა და უკრაინელებს შორის კონფლიქტი არ ყოფილა.

„ხარკოვი რუსულენოვანი ქალაქია. მე ვსაუბრობ როგორც რუსულად, ისე უკრაინულად. ჩემი მშობლიური ენა უკრაინულია და რუსები იქ ყველგან არიან და რა თქმა უნდა, რუსულადაც ვსაუბრობ. ძალიან ბევრი რუსი ადამიანი ცხოვრობდა და ცხოვრობს ხარკოვში. საზღვრისპირა ქალაქია და როგორც ღობის იქეთ ისე დადიოდნენ ხალი, ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. იცით რა პრობლემაა, რუსებს არ სჯერათ, ან არ უნდათ დაიჯერონ იმის რაც ხდება და ვინც ჩუმადაა, ესე იგი, ის მხარს უჭერს ომს“.

24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ დამოკიდებულებები მკვეთრად შეცვალა.

„ჩვენ, უკრაინელებს და რუსებს სრულიად განსხვავებული აზროვნება გვაქვს. სხვადასხვა რაღაცეებს ვხედავთ და არავითარი საერთო აღარ დაგვრჩა. რადგან, ისინი კვლავ ფიქრობენ რომ ჩვენთან ბანდერა დასეირონობს, რომელიც უკვე რამდენი წელია მოკვდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობები მალე არ დალაგდება, იმის დავიწყება, რაც რუსებმა უკრაინაში გააკეთეს და აკეთებენ, ძალიან ძნელია“.

ხმები მარნეულში, რომელმაც უკრაინიდან დევნილებს ომი გაახსენა


იულია, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათესავები ერთი თვის განმავლობაში გამანადგურებელ თვითმფრინავებს, ბომბებსა და ტვიებს სარდაფში ემალებოდნენ.

„მე უფრო მეშინოდა, ვიდრე ჩემს შვილს. ის ბოლომდე ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. მაშინ ხვდებოდა, როდესაც ჩვენს თავზე გადმოიფრენდნენ და აფეთქებები იყო. დანარჩენ დროს კი ყველანაირად ვცდილობდი რომ ამისაგან იზოლირებული ყოფილიყო. ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ომს, ძალიან ნერვიული ბავშვია და ყველანაირად ვცდილობდი მის იზოლირებას. ჩვენს სახლში მეზობლებიც იყვნენ და მათ ბავშვებთან ერთად თამაშობდა. ჩვენთან რჩებოდნენ, რადგან მათ თავშესაფარი არ ჰქოდნათ, ჩვენ კი დიდი სარდაფი გვქონდა“.

საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ იულიაც და მისმა შვილიც დამშვიდდნენ და თავს კარგად გრძნობენ. მიუხედავად ამისა, მარნეულში მაინც ახსენდებათ ომის პერიოდი და სარდაფი, სადაც თავის შეფარება უწევდათ.

„სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან შემეშინდა როდესაც გამანადგურებელმა საბრძოლო თვითმფრინავებმა გადმოიფრინეს ჩვენს თავზე. თითქმის ყოველთვის დაფრინავენ და როპდესაც პირველად გავიგე ამის ხმა და შემდეგ დავინახე ეს ჩემთვის ძალიან დიდი შოკი იყო. მე ავტირდი, ბავშვიც ატირდა რადგან შეგვეშინდა. იმდენად მერყევია ყველაფერი რომ არ იცი რა იქნება და რა მოხდება, ამიტომ ძალიან შეგვეშინდა. ახლაც კი გული მეყინება ხოლმე როდესაც დაფრინავენ, ალბათ ეს მთელი ცხოვრების ტრამვა იქნება. ეს ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის და ამ დრომდე მეშინია. არ ვიცოდი და შემდეგ ქმარმა მითხრა, რომ აქ აეროდრომია, ამან დამამშვიდა, მაგრამ მაინც, ამ დრომდე მეშინია ხოლმე“.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები