მათთვის არ არსებობს ტრიბუნა, თუ ტრიბუნას თავად არ შექმნიან - როგორ ხდება ეთნიკური უმცირესობების რეპრეზენტაცია
29 მაისს მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა რაშან ზიადალიევმა პროექტი „მისია“ დატოვა. ზიადალიევის პროექტიდან გაგდების შესახებ გადაწყვეტილება ჟიურის წევრებმა მიიღეს. რაშანი აუტსაიდერებში გიორგი ეკალაძესთან ერთად მოხვდა, რის შემდეგაც ჟიურის უნდა მიეღო გადაწყვეტილება თუ რომელი მათგანი დატოვებდა პროექტს.

სამი ადამიანისაგან შემდგარმა ჟიურიმ პროექტში ეკალაძე დატოვა, ხოლო რაშანისათვის „მისია“ დასრულდა. ჟიურის წევრმა ნინო ჟიჟილაშვილმა რაშანის პროექტიდან გაგდების მიზეზებზეც ისაუბრა.

„მინდა რომ განვმარტო, რაშანმა ძალიან კარგად მოიცვა თემა, ყოველთვის როცა ის იყო ჩვენს წინაშე. თუმცა, ყოველთვის ეხება თავის თემს რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ გვერჩივნა რომ გვენახა კიდევ რამე სხვაც. ამ თვალსაზრისით, ვიფიქრეთ, რომ გიორგიმ კომპეტეცია, უფრო სხვადასხვა სფეროებში, მეტი გვაჩვენა და დღესაც უფრო კომპეტენტური იყო ოპონირების პროცესშიც და უფრო ბევრი სხვადასხვა უნარი აჩვენა. რაშან ძალიან ვწუხვარ, ძალიან, ჩემი გული თან წამოგყვება შენ იცოდე“. - განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა

რაშან ზიადალიევი პროექტის ჟიურის შეფასებას, რომ ის ყოველთვის ეთნიკური უმცირესობების თემებზე საუბრობდა არ ეთანხმება. ამბობს, რომ შესაძლოა მისი ოპონენტის გამოსვლა მართლაც ძლიერი ყოფილიყო და ის იმსახურებდა პროექტში დარჩენას, მაგრამ არგუმენტს რომ ყოველთვის ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე საუბრობდა არ ღებულობს.

„პირველი ეთერის დროს ვისაუბრე დეცენტრალიზაციაზე, თვითმმართველობების დეცენტრალიზაციაზე რომელიც ეხება ზოგადად ადგილობრივ დონეზე დემოკრატიულ განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მეორე გადაცემაში ვისაუბრე საჯარო სკოლებში არსებულ პრობლემებზე და მთელი საქართველოს მასშტაბით ვისაუბრე. ეს ორი თემა არანაირად არ ეხებოდა ეთნიკურ უმცირესობებს და ამ ორი გამოსვლის დროს სიტყვა „ეთნიკური უმცირესობებიც“ კი არ გამომიყენებია. ამიტომ ჟიურის წევრების ამ არგუმენტს არანაირად არ მივიღებ“.

პროექტის მესამე ტურში რაშანმა ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა.

„არ ვფიქრობ, რომ ამ თემის შერჩევა პრობლემურია, რადგან ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან. ვისაუბრე სხვადასხვა ფაქტებზე, რაცაა დისკრიმინაციული, გადაჭრის გზებზე ვისაუბრე და ვფიქრობ, რომ კარგი გამოსვლა მქონდა ეთერის დროს. გარკვეულწილად, პატივს ვცემ ჟიურის გადაწყვეტილებას, არ ვიცი სხვა რას ფიქრობდნენ როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება, შესაძლებელია რომ სხვა არგუმენტებიც აქვთ, ან არ აქვთ, მაგრამ იმ არგუმენტს რომ მხოლოდ ეთნიკურ უმცირესობებზე ვსაუბრობდი და ამის გამო დავტოვე გადაცემა არანაირად არ მივიღებ რადგან მე ვსაუბრობდი საქართველოში არსებულ პრობლემებზე. როდესაც სხვა არავინ არ საუბრობს ამ თემაზე პირველი ვიყავი ვინც ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე, საჭიროებებზე, სამოქალაქო ინტეგრაციაზე და ისაუბრა ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე და ვფიქრობ, რომ ზოგადად არ უნდა იყოს პრობლემა ამ თემებზე საუბრაი იმ დროს როცა მანამდე არავის უსაუბრია“.

საქმოქალაქო აქტივისტი და უფლებადემცველი სამირა ბაირამოვა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საჯარო პოლიტიკაში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობს და ძალიან მნიშნველოვანია, რომ ამ დროს ეთნიკურმა უმცირესობებმა თავად ისაუბრონ მათ პრობლემებზე და ეს საკითხები საჯარო პოლიტიკის ნაწილში შევიდეს.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მიმართ არის შეღავათიანი პოლიტიკა იმისთვის, რომ მოხდეს მათი თანაბრად მონაწილეობა ქვეყნის მართვაში, პოლიტიკურ მონაწილეობაში და ა.შ. არის საკითხები როდესაც ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა მეორე მხარემ ამ პრობლემების შესახებ არ იცოდეს. ჩვენი პოლიტიკაც უნდა იყოს რომ ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების დროს თავად ეთნიკური უმცირესობები უნდა იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები. რაც შეეხება მეორე საკითხს, რომ თითქოს ეთნიკური უმცირესობები მხოლოდ მათ პრობლემებზე საუბრობენ და სხვა არაფერზე, ჩვენ ვართ საქრთველოს მოქალაქეები და რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველა პრობლემებზე ვისაუბროთ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩარჩენილი მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების საკითხებში ჩვენ ასევე საჯარო პოლიტიკაში უნდა ვიყოთ აქტიური და ვისაუბროთ ყველა პრობლემაზე. სამწუხაროდ, დღეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, არასამთავრობოებს იმ შემთხვევაში აფინანსებენ დონორი ორგანიზაციები, თუ ისინი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მუშაობენ, რაც არასწორია, რადგან ისინი იძულებული არიან რომ ამ თემაზე ისაუბრონ და სხვა ალტერნატივა არ აქვთ. შესაძლოა ისინი იძულებული არიან რომ მხოლოდ თავიანთ პრობლემებზე ისაუბრონ, ან შესაძლოა მათთვის არაა ადგილი რომ საზოგადოებრივ საკითხებზე ისაუბრონ, არ ეპატიჟებიან პარლამენტში, არ ეპატიჟებიან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობაში, რომელშიც მათი ჩართულობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მათთვის არ არსებობს ტრიბუნა, თუ ტრიბუნას თავად არ შექმნიან“.

საჯრო სექტორის მსგავსად ეთნიკური უმცირესობის წამომომადგენლების რეპრეზენტაცია ნაკლებად ხდება მეინსტრიმულ და ცენტრალურ მედიებშიც. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამფუძნებელი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ ათწლეულებია მრავალფეროვნების პოლიტიკის გატარება მედია ორგანიზაციების მხრიდან არ ხდება.

„ამ ვალდებულებას სამწუხაროდ ჯეროვნად არ ასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებელიც კი, რომელსაც ამის ვალდებულება აქვს. როცა მრავალფეროვნების პოლიტიკაზე ვსაუბრობ, აქ არ ვგულისხმობ მრავალფეროვნების, კარნავალურ და ეგზოტიკურ გაგებას. აქ ვგულისხმობთ, სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური, კულტურული ჯგუფების და მათი რეალური საჭიროებების, წუხილების, ყოფის რეპრეზენტაციას მედიაში. ეს არის რა თქმა უნდა შინაარსის საკითხი და უმცირესობების რეალური გამოწვევების პროაქტიული და სისტემური გაშუქების საკითხი, მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების ტრანსფორმაციის დაძლევა და პოზიტიური ხილვადობის ხელშეწყობა არსებულ შოვინისტურ გარემოში. მაგრამ ეს ასევე არის მედია რესურსების სამართლიანი გაზიარების საკითხი, რაც ეთერის დათმობას, მედია ორგანიზაციებში უმცირესობების დასაქმებას, მედია ორგანიზაციებში საკონსულტაციო მექანიზმების შექმნას, უმცირესობების ჩართულობის გაზომვას და მონიტორინგს, სათემო მედია და არა მედია ორგანიზაციებთან მეინსტრიმ მედიების თანამშრომლობას მოიცავს.
სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ რომ მედია ორგანიზაციები ამ სოციალურ პასუხისმგებლობას ვერ უმკლავდებიან და უმცირესობების ინტერესები და საჭიროებები დიდ წილად იგნორირებულია“.
- აცხადებს თამთა მიქელაძე

სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამფუძნებლის განმარტებით, ბოლო წლებში კარგი ტენდენციებიც გამოიკვეთა და მედიები იწყებენ გაცნობიერებას, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისათვის ხმის მიცემა და მათი რეპრეზენტაცია მნიშვნელოვანია. თვლის, რომ ეთნიკური უმცირესობების უფრო აქტიურად გაშუქება თავად თემის თვითორგანიზების შედეგია.

მიქელაძის განცხადებით, ბოლო წლებში გამოკვეთილ პოზიტიურ ტენდენციებში ტელეკომპანია „ფორმულას“ როლი გამორჩეულია სხვა ტელევიზიებს შორის, თუმცა „მისიის“ ჟიურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მასშიც არაერთ კითხვას წარმოშობს.

„გარდა იმისა, რომ რაშანი მუდმივად ცდილობდა საკითხებზე უფრო ფართე მსჯელობას და მას მხოლოდ უმცირესობების პრობლემაზე არ ულაპარაკია, ეს ასეც რომ ყოფილიყო, იმ პირობებში როცა უმცირესობების რეპრეზენტაცია, უმცირესობების საჭიროებებზე მსჯელობა მწირი, უსამართლოდ ასიმეტრიული და ღარიბია ჩვენს საჯარო სივრცეში, ამ პროცესის მნიშვნელობის უგულებელყოფა პროექტის ჟიურის მხრიდან გაუგებარი ჩანს“.

„მისია“ არის საერთაშორისო რესპუნლიკური ინსტიტუტის და ფორმულას ერთობლივი პროექტი. პროექტის მიზანი საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის დახმარებაა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები