მარნეულელები, რომლებმაც ქართულის გამოცდაში უმაღლესი ქულები აიღეს
ლუკა ანდიაშვილმა, ანა ხარშილაძემ და თაზაგულ გარიბოვამ მარნეულიდან, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში უმაღლესი ქულები აიღეს.
ლუკა ანდიაშვილი ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავერებულია. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60 ქულიდან 59 აიღო.

მომავალი იურისტი ამბობს, რომ მიღებული შედეგი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მაღალ ქულებს ელოდება სხვა საგნებშიც. სკოლაში მის გამორჩეულ საგნებში ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ბიოლოგია, გეოგრაფია, და ინგლისური შედიოდა. ანდიაშვილი მიიჩნევს, რომ სწავლაში შრომა ყოველთვის  ფასდება ამიტომ, მომავალ აბიტურიენტებს დასახული მიზნის მისაღწევად ბრძოლისაკენ მოუწოდებს. 

"დაახლოებით ამ შედეგს, ნამდვილად ველოდებოდი. იმიტომ, რომ მთელი წლის განმავლობაში  ვმეცადინეობდი და ვშრომობდი. გარდა სკოლისა, დავდიოდი რეპეტიტორებთან. მჯერა, რომ თუ შრომობ, აუცილებლად დაგიფასდება. ლიტერატურა ძალიან მიყვარდა სკოლიდანვე. წელს აბიტურიენტებმა ბევრი იშრომეს, ყველა იმსახურებს კარგ ქულებს, კარგ ჩაბარებას და კარგ უნივერსიტეტებში მოხვედრას. მომავალ აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ თუ იშრომებენ, აუცილებლად დაუფასდებათ" - თქვა ლუკა ანდიაშვილმა

ლუკა ანდიაშვილისგან განსხვავებით, მიღებული შედეგი მოულოდნელი იყო მეხუთე საჯარო სკოლის კიდევ ერთი მოსწავლისთვის, თაზაგული გარიბოვასათვის.  სოციალურ ქსელში მყოფმა შეიტყო, რომ 1 აგვისტოს 10:00 საათზე გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის პირველად შედეგებს გამოაქვეყნებდა. ამბობს, რომ ზუსტად 10:00 საათზე კომპიუტერი ხელის კანკალით გახსნა, 60 ქულიდან 51 ქულის დანახვისას ემოცია ვერ დამალა და პირველი სიხარული დედას გაუზიარა. 



"ძალიან აღელვებული ვიყავი. ჩემი ქულა რომ ვნახე, მართლა გაოცებული ვიყავი იმიტომ, რომ შედარებით დაბალს ველოდებოდი - არ ვიცი რატომ. შეიძლება, ფსიქოლოგიურად ცუდისკენ ვიყავი მომზადებული. ჩემს გვედით დედაჩემი იყო,  ემოციებს ვერ ვიკავებდი,  ვიყვირე ხმამაღლა. ძალიან მაღალი ემოციები მქონდა. აი, ისეთი, ადრენალინის აფეთქებას რომ ეძახიან. ქართული ენა და ლიტერატურა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საგანია. განსაკუთრებით მიყვარს ვეფხისტყაოსანი და საგამოცდო საკითხად ზუსტად ეს შემხვდა. შეიძლება გამიმართლა კიდევაც, რომ ჩემი ლოცვა ახდა. სულ ვოცნებობდი, რომ ეგ შემხვედროდა.  სკოლაშიც ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი, კერძოდაც ვემზადებოდი. ყველას დამსახურებაა, პირველ რიგში ჩემი მშობლების, იმიტომ რომ ყოველთვის ჩემს გვერდში იდგნენ. მე თავიდან ქართულ სკოლაში არ ვსწავლობდი, ვიყავი რუსულ სკოლაში, რუსულენოვან სექტორში. მეხუთე კლასში გადმოვედი, მარნეულის N5 სკოლაში და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე" - ამბობს თაზაგული გარიბოვა

კიდევ ერთი მაღალქულიანი მოსწავლე ანა ხარშილაძეა - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებული. ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდაში 60 ქულიდან 55 აიღო. პირველი ემოცია მშობლებს და მასწავლებელს გაუზიარა. ანამ მომავალ პროფესიად სამედიცინო სფერო აირჩია. მისი სურვილია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლოს. 

"დაბალ ქულას ნამდვილად არ მოველოდი, იქიდან გამომდინარე, რომ მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვშრომობდი, თუმცა ასეთ მაღალ შეფასებასაც არ ველოდი. (55/60) ჩემს  წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ჩემმა რეპეტიტორმა და ასევე საიმერლოს საჯარო სკოლამ, სადაც 12 წლის განმავლობაში ვსწავლობდი, მშობლებმა და ახლობლებმა, რომლებიც მუდმივად მხარს მიჭერდნენ და სჯეროდათ ჩემი შესაძლებლობების"-, ამბობს ანა ხარშილაძე

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს კიდევ ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ 60 ქულიდან 54 ქულა აიღო. 

მაღალი ქულები აქვთ კიდევ ორ მარნეულელ მოსწავლეს:

დავით ბახტურიძე - 51 ქულა
ელენე ბახტურიძე - 55 ქულა

ეს იმ მოსწავლეების მონაცემებია, რაც  რადიო "მარნეულისთვის" გახდა ცნობილი. 



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები