„ღვინის დღეები 2022“ მარნეულიდან დაიწყო
მარნეულის მუნიციპალიტეტში, 9 ოქტომბერს, ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღვინის ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს მთავრობაა. მარნეულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინიტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფესტივალი ,,ღვინის დღეები 2022'' ტარდება.

„ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლების პროდუქცია. ასევე, წარმოდგენილი იქნა ტრადიციული კულინარიული სივრცეები, სადაც მოხდა დამსწრეთა მიერ პროდუქციის დეგუსტაცია. გაიმართა თიხისა და კერამიკის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა პურის ცხობისა და ჩურჩხელების ამოვლების მასტერკლასებს“. - აღნიშნულია მერიის განცხადებაში

მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ღვინის ფესტივალს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

„ღვინის დღეები 2022“ საქართველოს 25 ქალაქში 9-დან 15 ოქტომბრამდე პერიოდში იმართება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები