რამდენად ეფექტურია მუნიციპალიტეტების სოციალური დახმარებები? - კვლევა რეგიონებში
15 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არსებული სოციალური სერვისების საბაზისო კვლევის შედეგების განხილვა გაიმართა. კვლევა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის, CENN - ის დაკვეთით ,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” მოამზადა. პრეზენტაცია ამავე ინსტიტუტის ხელმძღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა წარადგინა და თქვა, რომ კვლევა ქვემო ქართლში სულ ექვს მუნიციპალიტეტში ჩატარდა და ერთ-ერთი სწორედ მარნეულია. მისივე თქმით, მთავარ პრობლემას, მუნიციპალიტეტების
დონეზე, ერთჯერადი სოციალური სერვისები წარმოადგენს. ასევე გამოწვევაა ისიც, რომ თვითმმართველობებს არ აქვთ შესაძლებლობა გაზომონ სოციალური დახმარებების ეფექტი.

„ძირითადი მიგნება არის ასეთი, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე სოციალურ და ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ინფრასტრუქტურის ნაწილში ყველაზე დიდი ჩავარდნა არის სარწყავი სისტემა, თუმცა კარგი ვითარებაა გაზ მომაგრაგების, წყალმომარაგების და ელექტროენერგიის მომარაგების თვალსაზრისით. რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის სერვისებს, კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური დახმარებებისა და სერვისების თვალსაზრისით ძირითადი აქცენტი არის გაკეთებული ერთჯერად სერვისებზე, ერთჯერად დახმარებებზე. გასაგებია, რომ ერთჯერადი დახმარებები მნიშვნელოვანია და, როდესაც მას იღებს ადამიანი, მას ლოკალური პრობლემა უგვარდება, მაგრამ მდგრადი სოციალური დახმარება გულისხმობს მრავალჯერად და სისტემურ მომსახურებას. მუნიციპალიტეტებს არ აქვთ ფართო შესაძლებლობები საკუთარ კონკრეტულ საჭიროებებს მოარგონ სერვისები, რამდენადაც მუნიციპალური სერვისები უფრო წარმოადგენს ცენტრალური სერვისების დუბლირებას. პრობლემურ საკითხად მეჩვენება ისიც, რომ მუნიციპალიტეტებს არ აქვთ ბიუჯეტში განსაზღვრული ის, რომ გაზომონ სოციალური დახმარებების ეფექტი. ისინი გასცემენ სოციალურ სერვისებს, სოციალურ დახმარებებს, მაგრამ რა გავლენა იქონია ამან მოსახლეობაზე ეს არავინ იცის, არადა აუცილებელია ამ ეფექტის გაზომვა“ - თქვა იაგო კაჭკაჭიშვილმა.



კვლევის განხილვას ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. განხილვის პარალელურად, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულმა ,, პარტნიორთა ჯგუფის“ წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს.

პარტნიორთა ჯგუფი” 12 წევრისგან დაკომპლექტდა, რომელთაგან 6 თვითმმართველობის ხოლო დანარჩენი 6 სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელია. ჯგუფი ოთხის წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურის სერვისების გაუმჯობესებაზე და საჭირო სერვისების დანერგვაზე იმუშავებს.

შეხვედრა გაიმართა ,, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების” პროექტის ფარგლებში , რომელსაც ქვემო ქართლსა და სამცხე - ჯავახეთში ახორციელებს CENN ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები