„ქართული რძის ფედერაცია“ არაეტიკეტირებული რძის პროდუქციის რეალიზაციის კონტროლის გამკაცრებას ითხოვს
„ქართული რძის ფედერაცია“ არაეტიკეტირებული და საეჭვო წარმოშობის რძის პროდუქტების რეალიზაციის კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს. ფედერაციის განცხადებით, საქართველოში რძის საწარმოები სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან, რადგან ხშირ შემთხვევებში აგრარულ ბაზრობებზე, მცირე ზომის სასურსათო და ხილ-ბოსტანის მაღაზიებში უეტიკეტო რძის პროდუქტების რეალიზაცია მიმდინარეობს.

„ქართული რძის ბაზარი კვლავ გაჯერებულია არარეგისტრირებული რძის საწარმოების უეტიკეტო პროდუქციით. ასეთ წარმოებებში არ ხდება რძის ხარისხის კონტროლი, შესაბამისად, მომხმარებელი, რომელიც აგრარულ ბაზარში ან თავისი უბნის პატარა მაღაზიაში მიდის „ნამდვილი ყველის“ შესაძენად, ადვილად შეიძლება მოტყუებული დარჩეს. სამწუხაროდ, სურსათის ეროვნულ სააგენტო არარეგისტრირებულ საწარმოებს ვერ აკონტროლებს, თუმცა მას შეუძლია დააჯარიმოს უეტიკეტო რძის პროდუქტის რეგისტრირებული რეალიზატორი,“ - აცხადებენ ქართული რძის ფედერაციაში

არაეტიკეტირებული რძის პროდუქცია აქტიურად იყიდება მარნეულის მუნიციპალიტეტშიც. მარნეულის ბაზრის მიმდებარედ ყოველდღიურად დგანან გარემოვაჭრეები კუსტარულად მოწყობილი დახლებით. გარემოვაჭრეების რძის პროდუქტებს ხარისხის დამადასტურებელი ეტიკეტი არ აქვს.

„ქართული რძის ფედერაცია“ 30-მდე ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოს აერთიანებს, რომელთა პროდუქციას „ქართული რძის ნიშანი“ აქვს მინიჭებული. „ქართული რძის ნიშანი“ 2019 წელს, ფედერაციის ინიციატივით შეიქმნა და მხოლოდ იმ პროდუქტს ენიჭება, რომელიც ნედლი რძითაა დამზადებული. აღნიშნული საწარმოები რძეს ყოველდღიურად იბარებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დაახლოებით 27 ათასი ფერმერისგან, მათ შორის არიან მარნეულელი ფერმერებიც.

ფედერაციის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო არ გაამკაცრებენ უეტიკეტო რძის პროდუქციაზე კონტროლს და არ დააჯარიმებენ ყველას, ვინც უეტიკეტო ყველისა და რძის პროდუქტების რეალიზებითაა დაკავებული საფრთხე შეეხება ფედერაციაში გაერთიანებულ რძის გადამამუშავებელ საწარმოებს და 27 000 ფერმერს, რომელთა უმეტესობისათვისაც რძის რეალიზაცია ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები