სამსახურის დაკარგვა პარტიული ნიშნით - დისკრიმინაციის შემთხვევები მარნეულში
უკვე ერთ წელზე მეტია რაც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლებს სამართლებრივ დახმარებას უწევს. გასულ, 2021 წელს, მას შემდეგ რაც გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა და არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად გადაწყვიტა, მას გამოუჩნდა ბევრი მხარდამჭრი, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში იყვნენ დასაქმებული. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო აქტიურად პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის და სამსახურიდან განთვისუფლების შემთხვევები.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვსი“ მარნეულში აქტიურად არ მუშაობდა და ადგილობრვ დონეზე არ ყოფილა მისი მხარდამჭერების სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევები, მუნიციპალიტეტში მაინც დგას ისეთი პრობლემა, როგორიც პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლებაა.

პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა ქველაძე, რომლის განმარტებითაც, მარნეულში წლების განმავლობაში „ენმ“-ს მხარდამჭერებისა და წევრებს სხვადასხვა მუნიციპალური თუ სახელმწიფო საჯარო სამსახურებიდან ანთავისუფლებენ.

„ზოგადად ყველასთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იტანს განსხვავებულ აზრს და ოპონენტებს და ამის ამსახველი მაგალითებიც ხშირია. მაგალითად, ჩვენი პარტიის წევრის, დავით ქიმაძის, რომელიც ასევე საკრებულოს წევრიცაა, მამა გაანთავისუფლეს სამსახურიდან 2020 წელს არჩევნების შემდეგ. კომუნალურ სამსახურში მუშაობდა, დასუფთავების სამსახურში, და გაანთავისუფლეს. ასევე იყო შემთხვევა როდესაც ჩვენი პარტიის წევრი ირაკლი ქველაძე, არჩენების დროს ჩვენ გვეხმარებოდა და ჩვენს ოფისში იყო, მუშაობდა ბაგა-ბაღების გაერთიანებაში და ისიც პოლიტიკური ნიშნით გაანთავისუფლეს სამსახურიდან. გიორგი მუმლაძე, რომელიც აქტივისტი იყო და ახლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატია, მისი ძმაც გაანთავისუფლეს სამსახურიდან, მუნიციპალური ა.ა.ი.პ-იდან. გიორგის ჰქონდა აღნიშნული საკითხი გასაჩივრებული და ადვოკატების დახმარებით მოგვარდა ეს პრობლემა. ხშირია ესეთი შემთხვევები, დადიან და მოქალაქეებს აშინებენ, მიწების წართმევით ემუქრებიან სოფლებში და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი პრობლემაა მუნიციპალიტეტში“.

ლაშა ქველაძის განმარტებით, ხშირ შემთხვევაში მათ წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა წინასაარჩევნო პერიოდში იწყება, ხოლო არჩევნების შემდგომ სხვადახვა მუქარები „ქართულ ოცნებას“ სისრულეში მოჰყავს.

„დისკრიმინაციის საკითხებზე სასამართლოსთვის არ მიგვიმართავს, რადგან უნდობლობა გაგვაჩნია სასამართლოს მიმართ. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც გიორგი მუმლაძემ გაასაჩივრა. თავად იურისტია და ბევრი მეგობრებიც ჰყავს ადვოკატები და მათი დახმარებით მისი ძმის პრობლემა მოგვარდა. სამსახურიდან რომ გაანთავისუფლეს მქონდა მე მათთან კომუნიკაცია და შევთავაზე კიდევაც რომ გაგვესაჩივრებინა და სამართლებრივად გვებრძოლა მაგრამ მათ ეს არ მოისურვეს, რადგან თვლიან რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ აქვს სამართლებრივ ბრძოლას აზრი“. - აცხადებს ლაშა ქველაძე

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე თვლის, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლია, შესაძლებლობა აქვს მიმართოს სასმართლოს და მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. სასამართლოსათვის მიმართვაში და სამართლებრივი დახმარების გაწევაში მოქალაქეების დახმარება შეუძლია „სამართლიანი არჩენვებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „სამართლიანი არჩევნების“ პროექტის „მართლმსაჯულებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის“ იურისტმა მეგი ბაკურიძემ განაცხადა, რომ პროექტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მიიჩნევს, რომ ის სამუშაო ადგილზე არის შევიწროვებული, ან მუშაობის დროს რომელიმე უფლების განხორციელებაში ხელი ეშლება, ან სამსახურიდან განთავისუფლდა რომელიმე დისკრიმინაციული ნიშნით შეუძლია მიმართოს „სამართლიან არჩევნებს“. ორგანიზაცია მოქალაქეს თავდაპირველად გაუწევს კონსულტაციას რის შემდეგაც გაუწევს სამართლებრივ დახმარებას საკუთარი უფლებების აღსადგენად.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან დაუკავშირდეთ ნომერზე: 0 800 100 143

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები