ავარიის შედეგად გოგოს გარდაცვალებიდან 50 დღე გავიდა - ქუჩაზე მწოლიარე პოლიციელი ამ დრომდე არ დაუმონტაჟებიათ
ქალაქ მარნეულში, კოსტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი გოგოს გარდაცვალებიდან 50 დღე გავიდა. კოსტავას ქუჩაზე, იმ მონაკვეთზე სადაც გოგო გარდაიცვალა, ამ დრომდე არაა დამონტაჟებული მწოლიარე პოლიციელი.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც 17 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა, 23 ნოემბერს მოხდა. რადიო „მარნეულმა“, 25 ნოემბერს, მარნეულის ადგილობრივ თვითმმართველობას ჰკითხა, ხომ არ გეგმავენ აღნიშნულ მონაკვეთზე თავიანთი ინიციატივით მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟებას ან რა ფორმითაა შესაძლებელი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, მერაბ კოსტავას ქუჩა საავტომობილო გზების დეპარტამენს ეკუთვნის. მწოლიარე პოლიციელის განსათავსებლად ადგილობრივებმა მერიას უნდა მიმართონ, რის შემდეგაც, მუნიციპალიტეტი მათ საგზაო დეპარტამენთან გაუწევს შუამდგომლობას.

დღეს, 12 იანვარს, რადიო „მარნეულს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, რომ მარნეულის მერიის სახელზე დეპარტამენტში შესული წერილი არ იძებნება, თუმცა, მათივე განმარტებით, შესაძლოა მერიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაბამისი განცხადებით მიმართა, მაგრამ სისტემაში მოსაძებნად მერიის წერილის ნომერია საჭირო.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ მოქალაქეებს კოსტავას ქუჩაზე მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟების მოთხოვნით მათთვის არ მიუმართავთ. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განგვიმარტეს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას არ აქვს პრაქტიკა საკუთარი ინიციატივით მიმართოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს საგზაო ნიშნებისა და სიჩქარის შემაკავებელი მოწყობილობების დამონტაჟებისათვის. მერიაში კვლავ განმარტავენ, რომ თუ ადგილობრივებს კოსტავას ქუჩაზე მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟება სურთ, მერიას წერილობით უნდა მიმართონ.

მიუცხედავად იმისა, მიმართეს თუ არა მოქალაქეებმა მარნეულის მერიას განცხადებით, ფაქტი სახეზეა, რომ კოსტავას ქუჩაზე მწოლიარე პოლიციელი 17 წლის გოგოს გარდაცვალებიდან 50 დღის შემდეგაც არ დაუმონტაჟებიათ.

გზა საერთაშორისო მნიშვნელობისაა და დღის განმავლობაში ასობით სატვირთო და მსუბუქი მანქანა მოძრაობს. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ მანქანები მაღალი სიჩქარით მოძრაობენ და ავარიებივ ხშირია. გზაზე განთავსებული ერთადერთი მწოლიარე პოლიციელი კი დამონტაჟებიდან მალევე გაფუჭდა. გზის მონაკვეთზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კოლეჯი, სკოლა და საცხოვრებელი სახლები მდებარეობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები