თოვლის გამო მარნეულში ტექნიკური მარილი მხოლოდ მაღალაშვილის ხიდზე მოაყარეს
მარნეულის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თოვლიანი ამინდები იყო. ქალაქ მარნეულსა და სოფლებში პირველი თოვლი 2023 წელს 8 იანვრიდან მოვიდა. რადიო „მარნეული“ დაინტერესდა, გახდა თუ არა საჭირო ამ პერიოდის განმავლობაში მარნეულის მასშტაბით გზებზე ტექნიკური მარილის მოყრა.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, რომ ტექნიკური მარილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მხოლოდ ქალაქ მარნეულში არსებულ დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდზე მოაყარეს.
მერიისავე განმარტებით, ხიდზე ტექნიკური მარილის მოყრის გადაწყვეტილება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო.

დღეიდან, 13 იანვრიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტში გამოიდარებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, მუნიციპალიტეტში მომდევნო კვირის განმავლობაში ნალექიანი ამინდი მოსალოდნელი არაა, საღამოს საათებში კი ყინვა კვლავ მოსალოდნელია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google