მარნეულის მერია წერაქვსა და სიონში შიდა გზების დაგებისათვის 437 700 ლარის დახარჯვას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ წერაქვსა და სიონში შიდა გზებზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებისათვის ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. სამუშაოების შესრულებისათვის პირველი ტენდერი მერიამ 2022 წლის 13 აპრილს გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო. მიუხედავად ამისა, მარნეულის მერიამ ტენდერი შეწყვეტილად გამოაცხადა.

სატედნერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, სიონსა და წერაქვში შიდა გზებზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის ტენდერის შეწყვეტა ქალაქ მარნეულში ნარიმანოვის N1 კორპუსში აივნის ჩამონგრევამ გამოიწვია.

„კორპუსის ერთ ნაწილზე აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, რის გამოც სასწრაფო დაუყოვნებელი წესით მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დაიგეგმა და შესაბამისი განხორციელებაც მოყვა მთელ რიგ ღონისძიებათა კასკადს, რითაც უნდა მომხდარიყო ჩვენი მხრიდან ერთგვარი პრევენცია შემდგომი სავარაუდო გართულებების თავიდან არიდების გზით, რათა შესატყვისი ექსპერტიზის დასკვნებისა და მათზე დაყრდნობით შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით განხორციელებულიყო შენობის აღდგენა-გამაგრების სამუშაოების შესრულება, რისთვისაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მიერ საკითხის სატენდერო პროცედურების დაწყების შესყიდვისთვის შესაბამისი ინიცირების მიზნით წარმოდგენილ წერილობით მოხსენებით ბარათზე თანდართული ფორმით თანმხლებ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული სამუშაოებისათვის საჭირო საკმარისი თანხის ამ დროისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში არ ქონის გამო, დაიხსვა საკითხი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წეწრაქვსა და სიონში შიდა გზებზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის პროცედურის დაწერბის რელევანტურობის თაობაზე“. - აღნიშნულია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში

მარნეულის მერიამ სიონსა და წერაქვში შიდა გზებზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებისათვის გათვალისწინებული თანხა ნარიმანოვის N1 კორპუსის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვისათვის დახარჯა.

მარნეულის მერიამ წერაქვსა და სიონში რკინა ბეტონის საფარის გზის მოწყობისათვის ახალი ტენდერი 2023 წლის 24 თებერვალს გამოაცხადა.
რკინა/ბეტონის საფარის გზა სოფელ წერაქვისა და სიონის შიდა გზებზე დაიგება, რისთვისაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 437 700 ლარი გამოყო. სიონსა და წერაქვში რკინა/ბეტონის საფარის გზის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სოფლებში სულ 6 მონაკვეთზე დაიგება შიდა გზა.

„ობიექტზე გვხვდება გრუნტის გზა, რომელიც დაზიანებულია, გვხვდება ორმოები, რომლებიც წვიმის დროს წყლით ივსება, დარღვეულია გრძივი და განივი პროფილები. წვიმიან ამინდში გზაზე გადაადგილება დისკომფორტს უქმნის, როგორც ქვეითად მოსიარულეს, ისე სატრანსპორტო საშუალებით მოძრავ მძღოლს“. - აღნიშნულია საპროექტო დოკუმენტაციაში

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადების წარდგენა 12-დან 17 მარტამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

გარეკანის ფოტო: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები