„შესაძლოა ეს არის პროტესტის ფონზე ცარიელი სიტყვები, რომ მოსახლეობა დამშვიდდეს“ - ნაშირ ორდუხანოვი რუსული კანონის გაწვევაზე
„ქართულმა ოცნებამ“, მისგან ფორმალურად გამოყოფილმა „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ ერთობლივი განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილ რუსულ კანონოს გაიწვევენ. საპარლამენტო უმრავლეოსობის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად“, ქართული ოცნება საზოგადოებას უკეთ განუმარტავს კანონპროექტის მიზანს და ამისათვის დაიწყებს შეხვედრებს მოსახლეობასთან.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სამოქალაქო ატივისტი ნაშირ ორდუხანოვი აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნებისაგან“ წარსულში უკვე მიიღო რამდენიმე დაპირება, რომელიც პარტიამ არ შეასრულა. ხოლო იმისათვის, რომ მმართველმა ძალამ ეს დაპირება შეასრულოს საჭიროა მოქალაქეებმა მათ დაანახონ პროტესტი პარლამენტის წინ.

„ჩვენ რომ გადავხედოთ 20 ივნისის მოვლენებს, მაშინ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადასულიყვნენ და მაშინაც თქვეს რომ ხალხის მოთხოვნა დაკმაყოფილდებაო და არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ახლა კი, განაცხადეს რომ კანონპროექტს გაიწვევენ, მაგრამ უნდა დაველოდოთ პროცედურებს, ახლა პროცედურულად როგორ იქნება არ ვიცი. შესაძლოა ეს არის პროტესტის ფონზე ცარიელი სიტყვები, რომ მოსახლეობა დამშვიდდეს, მაგრამ რა თქმა უნდა სწორი იქნება რომ უკან გაიწვიონ ეს კანონპროექტები, რადგან მოსახლეობამ ამ ბოლო დღეებში აჩვენა, რომ მოსახლეობის არჩევანია ევროკავშირი და არა რუსეთი“. - აცხადებს ნაშირ ორდუხანოვი

სამოაქალაქო აქტივისტის განმარტებით, საქართველოს პარლამენტთან აქციები მანამ უნდა გაგრძელდეს, სანამ მმართველი ძალა კანონპროექტებს ოფიციალურად არ გაიწვევს.

„ოფიციალურად ეს კანონპროექტები ჯერ კიდევ პარლამენტშია, დაამტკიცეს კიდევაც. ახლა ოფიციალურად, იურიდიულად, დოკუმენტირებულად უნდა დამთავრდეს ამ კანონპროექტის განხილვა და ამაზე საუბარი, მას შემდეგ მე პირადად მზად ვარ დავანებო თავი საპროტესტო აქციაზე გასვლას, მანამდე ეს უბრალოდ განცხადებაა. ახლა შეიძლება თქვეს, რომ თავი დავანებოთო და მერე უცბად ორივე კანონი დაამტკიცონ, არაა გამორიცხული რომ ეს უბრალოდ იყოს მოსახლეობის დაშლის მცდელობა. პარლამენტში პროცედურულად უკან უნდა გაიწვიონ კანონპროექტი და შეწყვიტონ ამ თემის განხილვა“. - აცხადებს ნაშირ ორდუხანოვი

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. იურისტების განმარტებით, პირველივე მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევა პროცედურულად მხოლოდ განცხადების საფუძველზე შეუძლებელია. მათი განცხადებით, პარლამენტმა ვენეციის კომისიიდან უნდა გამოიწვიოს ორივე კანონპროექტი და რუსული კანონი საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე უნდა დააყენოს და ხმა მისცეს მის ჩაგდებას.

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს პარლემენტთან რუსული კანონპროექტების განხილვის პარალელურად საპროესტო აქციები მიმდინარეობდა. 7 და 8 მარტს სპეციალური დანიშნულების ძალებმა მოქალაქეების მიმართ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ფიზიკურად იძალადეს აქციის მონაწილეებზე, მათ შორის პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით 7-8 მარტს განვითარებული მოვლენების შედეგად სულ 134 მოაქლაქეა დაკავებული.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები