განცხადება შიშის გამო გააკეთეს, დღეს ისევ ვიქენები პარალამენტთან - სამირა ბაირამოვა რუსული კანონის გაწვევის შესახებ
„გუშინ კარგად დაინახეს ხალხის ძალა, ჩვენ უფრო მეტნი ვიყავით ვიდრე საქართველოს პოლიციელები და მათ დაინახეს ხალხის ძალა და შესაბამისად დღეს გააკეთეს ეს კომენტარი. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი შეწყვეტენ ამ საკითხზე მუშაობას“ - ასე ეხმაურება მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა მმართველი ძალის მიერ გავრცელებულ განცხადებას რუსული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ.

„ქართულმა ოცნებამ“, მისგან ფორმალურად გამოყოფილმა „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ ერთობლივი განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილ რუსულ კანონოს გაიწვევენ. საპარლამენტო უმრავლეოსობის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად“, ქართული ოცნება საზოგადოებას უკეთ განუმარტავს კანონპროექტის მიზანს და ამისათვის დაიწყებს შეხვედრებს მოსახლეობასთან.

„მათ პირდაპირ უწერიათ, რომ ჩვენ ვაპირებთ საზოგადოებას ამ კანონზე სწორი ინფორმაცია მივაწოდოთო. ეს უბრალოდ არის დროის მოგება. სანამ არ იქნება შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები მანამდე მათი განცხადების დაჯერება რთულია. ის ადამიანები, ვინც ღილაკს თითი დააჭირა და მომხრე იყვნენ ახლა მხარი უნდა დაუჭირონ ამ კანონის ჩავარდნას. უნდა მოხდეს ვენეციის კომისიიდან კანონპროექტების გამოწვევაც და ამით უნდა განადგურდეს ეს კანონპროექტი“. - აცხადებს სამირა ბირამოვა

მარნეულელი სამქოაქლაქო აქტივისტისა და უფლებადამცველის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობა ხშირად მოატყუა, რის გამოც ხალხში არის განცდა რომ ამ დაპირებასაც არ შეასრულებენ.

„სანამ არ გვექნება სამართლებრივი ბერკეტი მანამ ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მაინც ჩვენი პატარა გამარჯვებაა. მეორე ის არის, რომ ასობით ადამიანი არის დაკავებული ამ აქციაზე და ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ამის გარეშე კომპრომისი და გაჩერება შეუძლებელია. დღეს ისევ ვიქნები იქ სადაც გუშინ ვიყავით“.

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. იურისტების განმარტებით, პირველივე მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევა პროცედურულად მხოლოდ განცხადების საფუძველზე შეუძლებელია. მათი განცხადებით, პარლამენტმა ვენეციის კომისიიდან უნდა გამოიწვიოს ორივე კანონპროექტი და რუსული კანონი საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე უნდა დააყენოს და ხმა მისცეს მის ჩაგდებას.

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს პარლემენტთან რუსული კანონპროექტების განხილვის პარალელურად საპროესტო აქციები მიმდინარეობდა. 7 და 8 მარტს სპეციალური დანიშნულების ძალებმა მოქალაქეების მიმართ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ფიზიკურად იძალადეს აქციის მონაწილეებზე, მათ შორის პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით 7-8 მარტს განვითარებული მოვლენების შედეგად სულ 134 მოაქლაქეა დაკავებული.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები