ზუსტად ვიცით რომ მათ სურთ დროის გაყვანა, შესაბამისად პროტესტი უნდა გაგრძელდეს - ელნურ ალისოი რუსული კანონის გაწვევაზე
„სოლიდარობის მუზეუმის“ ხელმძღვანელი ელნურ ალისოი აცხადებს, რომ მმართველი ძალის მიერ რუსული კანონის გაწვევის შესახებ გაკეთებული განცხადება არის დროის მოგების მცდელობა, რათა ხელისუფლებამ უკეთ შეძლოს ძალების მობილიზება ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

„მე ვფიქრობ და რასაც ვამჩნევ მთელი სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია არის, რომ ეს არის მორიგი ტყუილი. იგივე, რაც მაგალითად პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით გვქონდა წინა წლებში დაპირება და მერე ვნახეთ რომ საერთოდ არ შეასრულეს. ახლაც, ხელისუფლებას სურს დროის მოგება რომ უკეთ მობილიზდნენ ხალხის წინააღმდეგ და ეს არის ერთ-ერთი ხრიკი და მეტი არაფერი. ასე ვხედავთ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი თემის ის ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები, რომლებმაც ამ კანონის საწინააღმდეგოდ გუშინ განცხადება გავავრცელეთ“. - აცხადებს ელნურ ალისოი

„ქართულმა ოცნებამ“, მისგან ფორმალურად გამოყოფილმა „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ ერთობლივი განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილ რუსულ კანონოს გაიწვევენ. საპარლამენტო უმრავლეოსობის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად“, ქართული ოცნება საზოგადოებას უკეთ განუმარტავს კანონპროექტის მიზანს და ამისათვის დაიწყებს შეხვედრებს მოსახლეობასთან.

„სოლიდარობის მუზეუმის“ ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს პარლამენტთან აქციები უნდა გაგრძელდეს.

„ინფორმაცია გაავრცელეს რათა ხალხი დააწყნარონ, მაგრამ სამართლებრივად შეუძლებელია ამ კანონის უბრალოდ გაწვევა. ჩვენ ზუსტად ვიცით რომ მათ სურთ დროის გაყვანა, შესაბამისად პროტესტი უნდა გაგრძელდეს მანამ სანამ კანონი ოფიციალურად არ გაუქმნდება. მეორე საკითხი არის, რომ თუ ჩვენ თუ ჩვენ მხოლოდ იმისათვის ვიბრძვით რომ ეს კანონპროექტი გაუქმდეს, მაშინ ზოგადად რა შედეგი იქნება? რადგან ეს ხალხი, ვინც მოახდინა კანონპროექტის ინიცირება და ვინც მხარი დაუჭირა მას, კვლავ დარჩებიან პარლამენტში და იგივე მიდგომით იმუშავებენ ხალხის წინააღმდეგ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ბოლომდე, სანამ ნათლად დამტკიცებული არ იქნება პოლიტიკური ძალების სურვილი და სულისკვეთება რომ ჩვენი მომავლის ერთადერთი გზა არის ევროპული გზა. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ პროტესტი სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ან სახელისუფლებო გუნდში არ მოხდება ძირეული ცვლილებები“. - აცხადებს ელნურ ალისოი

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. იურისტების განმარტებით, პირველივე მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევა პროცედურულად მხოლოდ განცხადების საფუძველზე შეუძლებელია. მათი განცხადებით, პარლამენტმა ვენეციის კომისიიდან უნდა გამოიწვიოს ორივე კანონპროექტი და რუსული კანონი საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე უნდა დააყენოს და ხმა მისცეს მის ჩაგდებას.

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს პარლემენტთან რუსული კანონპროექტების განხილვის პარალელურად საპროესტო აქციები მიმდინარეობდა. 7 და 8 მარტს სპეციალური დანიშნულების ძალებმა მოქალაქეების მიმართ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ფიზიკურად იძალადეს აქციის მონაწილეებზე, მათ შორის პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით 7-8 მარტს განვითარებული მოვლენების შედეგად სულ 134 მოაქლაქეა დაკავებული.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები