სოფელ წერეთელში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ წერეთელში ახალ ბაღს ააშენებს. დღეს, 23 მარტს, გამართულ მარნეულის საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს წერეთლის საბავშვო ბაღის ძველი შენობების დემონტაჟს.

„საქართველოს მთავრობის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ბაგა-ბაღების მშენებლობა. წელს დაგეგმილია მარნეულის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ერთი საბავშვო ბაღი განთავსდება სოფელ წერეთელში, ხოლო მეორე საბავშვო ბაღი სოფელ შულავერში. მიწის ნაკვეთი, რომელზეც უნდა განთავსდეს საბავშვო ბაღი მდებარეობს ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სოფელ წერეთელში და გამომდინარე აქედან მიზანშეწონილად მიგვაჩნია პირველ ეტაპზე განხორციელდეს ძველი საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი, რაც საჭიროებს საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას და აუქციონის წესით გასხვისებას“. - განაცხადა მარნეულის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსმა დავით ხარშილაძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტისათვის საბავშვო ბაღების მშენებლობა პრიორიტეტულია.

„მოთხოვნილება დიდია იქედან გამომდინარე რომ მოსახლეობა იზრდება და ბავშვების რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა სოფელში იყოს შესაბამისი საბავშვო ბაღი რათა დაკმაყოფილდეს ბავშვების მიმართ მოთხოვნილება. როგორც მოგეხსენებათ, სოფელ წერეთელში არსებული ბაღის შენობა არის ამორტიზებული, იქ არ შეიძლება ბავშვების შესვლა, ის ბავშვები დღეისათვის გადანაწილებულია სხვა საბავშვო ბაღებში აქედან გამომდინარე დადგა საკითხი რომ აშენდეს ახალი საბავშვო ბაღი“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

დღეს, 23 მარტს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გამოტანილ ყველა საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები