10 დღით გაწელილი უპასუხო პასუხით მარნეულის მერიამ ადმინისტრაციული კოდექსი დაარღვია
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 40 დღის განმავლობაში ვერ დაითვალა თუ რა სახის პროექტების განხორციელებას დაუჭირეს მხარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და რამდენი ქალი, ახალგაზრდა და შშმ პირი ესწრებოდა თითოეულ სოფერლში გამართულ საერთო კრებას.

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით მარნეულის მერიას 2023 წლის 13 მარტს მივმართეთ. ოფიციალური წერილით მერიას ვთხოვდით ჩვენთვის მოეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა პროექტებს დაუჭირა მოსახლეობამ მხარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. 27 მარტს მერიიდან მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილი მონაცემები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და მერია მას მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს.

„გაცნობებთ, რომ 2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ სოფლის კრება/კონსულტაციის ფორმატის შეხვედრებზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ მათთვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული მიმართულებებიდან აირჩიეს სასურველი პროექტი. მიმდინარე ეტაპზე, სამუშაო ჯგუფის მიერ ხორციელდება მონაცემების შედეგობრივი მხარის დამუშავების პროცესი, რომლის შემდეგაც აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით შერჩეული პროექტების ნუსხა გამოქვეყნებული იქნება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე“. - აღნიშნულია მარნეულის მერის კენან ომაროვის მიერ რადიო „მარნეულისათვის“ წერილობით გაცემულ პასუხში

აღსანიშნავია, რომ რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში ჯერ კიდევ გასულ თვეს განუცხადეს, რომ სოფლის კრებებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაცია თებერვლის ბოლოს უკვე დამუშავებული იქნებოდა. მერიაში ასევე გვითხრეს, რომ ინფორმაციის მიღებას ჩვენ მხოლოდ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შევძლებდით, მიუხედავად ამისა ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღნიშნული ინფორმაცია არ მოგვაწოდა და კვლავ მიგვითითა, რომ მონაცემები მუშავდება და მათ ნახვას მერიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნების შემდეგ შევძლებთ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის მიხედვით საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო ინფორმაცია გასცეს დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა თუ საჯარო ინფორმაციაზე პასუხის გაცემა მოითხოვს სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას, მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებასა და სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას, რა შემთხვევაშიც საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რომ 10 დღიანი ვადის გამოყნების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს განმცხადებელს, ამ შემთხვევაში კი რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტს.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას ჩვენს მიერ მერიაში წერილის შეტანისთანავე უნდა ეთქვა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზე იყო. კანონმდებლობა მერიას ასევე ავალებს, რომ მათ დაემუშავებინათ ჩვენს მიერ გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ წერილის მოსამზადებლად 10 დღეზე მეტი ვადა დასჭირდებოდათ, მერიას ამის შესახებაც უნდა მოეწოდებინა ინფორმაცია. ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან, რაც ნიშნავს, რომ მარნეულის მერიამ, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ინფორმაცია ოფიციალურ საიტზე გმოქვეყნებული, ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად ეს ინფორმაცია მაინც უნდა მოგვაწოდოს.

მარნეულის მასშტაბით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია 1-15 თებერვალს მიმდინარეობდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები