რა პროგრამის ფარგლებში გადასცა იაპონიის საელჩომ ნაგავშემკრები მანქანა მარნეულს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საქართველოში იაპონიის საელჩოსაგან ნაგავშემკრები მანქანა მიიღო. 6 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა იმყოფებოდა.

ვიზიტის მიზანს, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით შეძენილი ნარჩენების შემკრები ტექნიკის მერიისთვის გადაცემა წარმოადგენდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის კონსულტანტმა მეკო ჩაჩავამ განაცხადა, რომ საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება ყველა მუნიციპალიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია.

„გასულ წელს მოგვმართა მარნეულის მუნიციპალიტეტმა თხოვნით, რომ ნარჩენების შემგროვებელი მანქანა ყოფილიყო შეძენილი. ეს საგრანტო პროგრამა შერჩეული იქნა საელჩოს მიერ და გუშინ იყო ამის გადაცემის ცერემონია. ეს საგრანტო პროგრამა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე ხორციელდება საქართველოში და დაახლოებით 200-ზე მეტი საგრანტო არის ამ წლების განმავლობაში დაფინანსებული, რომელთა საერთო ღირებულებაც დაახლოებით 25 000 000 დოლარამდე შეადგინა. ეს პროგრამა გულისხმობს ერთის მხრივ მძიმე ტექნიკის შეძენას, ან სოციალური მნიშვნელობის მქონე შენობის მშენებლობას ან რეაბილიტაციას. მხოლოდ ეს ორი კომპონენტი არის და მარნეულის შემთხვევაში იყო მძიმე ტექნიკის შეძენა“. - განაცხადა მეკო ჩაჩავამ

იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის კონსულტანტის განმარტებით, პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და მუნიციპალიტეტსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციას პროგრამის დასრულების შემდგომ განაცხადის წარდგენა ხელახლა შეუძლია.

„შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტსაც და არასამთავრობო ორგანიზაციასაც მარნეულში თუ მარნეულს გარეთ შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება. სამწუხაროდ ეს არის მცირე საგრანტო პროგრამა და მთელი წლის განმავლობაში 7-8 გრანტია შერჩეული და მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე პრიორიტეტი ენიჭება ისეთ საკიხებს სადაც მყისიერი ჩართულობაა აუცილებელი. შესაბამისად, ეს არის კონკურენციის პირობებში პროექტების გადანაწილება. წინასწარ, რა თქმა უნდა, რთულია იმის თქმა ისევ შეიძლება იყოს თუ არა მარნეული შერჩეული მომდევნო წლისთვის, რამდენადაც გასულ წელს უკვე მიიღო საგრანტო პროგრამიდან დაფინანსება, თუმცა ტექნიკურად არ არის შეზღუდული მუნიციპალიტეტი და ორგანიზაციები რომ წარმოადგინონ განაცხადი ამ საგრანტო პროგრამაში“. - განაცხადა მეკო ჩაჩავამ

საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლის განმარტებით, საელჩო მონიტორინგს ატარებს პროგრამის ყველა ეტაპზე და თავალყურს ადევნებს თუ რამდენად ეფექტურადაა გამოყენებული მათ მიერ გაცემული მძიმე ტექნიკა თუ სოციალური მნიშნველობის შენობა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგიობრივმა თვითმმართველობამ რადიო „მარნეულს“ არ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტის შესახებ. ვიზიტი 6 აპრილს განხორციელდა, მარნეულის მერიამ კი ინფორმაცია დღეს, 7 აპრილს, გაავრცელა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგიოლბრივმა თვითმმართველობამ იაპონიის საელჩოსაგან გრანტის სახი 82 243 აშშ დოლარი მიიღო. სწორედ ამ თანხითაა შეძენილი ახალი ნაგავშემკრები მანქანა, რომელიც მუნიციპალურ დასუფთავების სამსახურს შპს „სუფთა მარნეულს“ გადაეცემა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები