მარნეულის მერმა უარი უთხრა QvemoQartli.ge- ს შიდა აუდიტის ანგარიშების გასაჯაროებაზე
მარნეულის მერმა უარი უთხრა QvemoQartli.ge- ს შიდა აუდიტის ანგარიშების გასაჯაროებაზე. ინფორმაციას აღნიშნული მედიასაშუალება ავრცელებს და წერს, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, QvemoQartli.ge უშედეგოდ ცდილობს, მარნეულის მერიისგან მიიღოს ინფორმაცია, მათი შიდა აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია ითხოვს მიაწოდონ საჯარო ინფორმაცია მარნეულის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის, 2022 წელს, მომზადებული დასკვნების/ანგარიშების და რეკომენდაციების შესახებ.

უპასუხოდ დატოვებული წერილების შემდეგ, „ ქვემო ქართლის მედიამ – QvemoQartli.ge“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მარნეულის მერიას. მხოლოდ საჩივრის შემდეგ, ორგანიზაციამ მიიღო პასუხი მარნეულის მერიისგან.
საპასუხო წერილში, რომელსაც ხელს მარნეულის მერი კენან ომაროვი აწერს ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია არ გაასაჯაროოს შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშები.



“ქვემო ქართლის მედია” მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა გადახდილი გადასახადებით წარმოებულ ნებისმიერ პროცესზე, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოს, საზოგადოებას სრული უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია. შესაბამისად, ორგანიზაცია ამზადებს სასამართლოში წარსადგენ სარჩელს მარნეულის მერიის წინააღმდეგ.

QvemoQartli.ge-ს სამართლებრივ მხარდაჭერას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქვემო ქართლის ოფისი უწევს. ორგანიზაციამ შიდა აუდიტის ანგარიშების გასაჯაროებაზე უარის მიღების გამო, უკვე მიმართა სასამართლოს რუსთავის მერიის წინააღმდეგაც.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები