რატომაა პრობლემური საჯარო ტრანსპორტის არარსებობა მარნეულელი ქალებისათვის
„საფარის“ მიერ ჩატარებული „მარნეულის მუნიციპალიტეტში მხცოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების პრობლემებისა და საჭიროებების კვლევის“ მიხედვით, მანეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისათვის პრობლემას წარმოადგენს საჯარო ტრანსპორტის გაუმართაობა და ხშირ შემთხვევაში არარსებობა.

კვლევის რესპონდენტების მიხედვით, ყველაზე მწვავე პრობლემას მათთვის ტრანსპორტის პრობლემა წარმოადგენს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდა კაცები ახერხებენ სხვადასხვა გზებით დანიშნულების ადგილამდე მისვლას, მაგრამ ახალგაზრდა ქალები ამას ვერ ახერხებენ, რადგან მათთვის კულტურულად და გენდერული როლის გათვალისწინებით მიუღებელია იმგზავრონ უცხო ადამიანის მანქანით, ან ტრაქტორს შემოახტნენ და ასე ჩავიდნენ სოფლამდე.

„შესაბამისად, ქალებზე გაცილებით უარყოფითი გავლენა აქვს უტრანსპორტობას, ვიდრე - კაცებზე. როგორც ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს:
„ჩემს ვაჟიშვილს ვუთხარი, აი, რა კარგია, მარნეულში დადიხარ კურსებზე, მომდევრო ჯერზე შენი დაც წაიყვანე თქო. მაგან მიპასუხა, მე დღეს რომ გამოვედი, ტრანსპორტი აღარ იყო, ჯერ ავტოსტოპით, მერე ტრაქტორით მოვედი, აბა დას სად დავსვამო“ (ორი აბიტურიენტის დიასახლისი დედა სოფლელ ხანჯიღაზლოდან)“.
- აღნიშნულია კვლევაში

რესპონდენტებზე დაყრდნობით „საფარი“ აცხადებს, რომ განსაკუთრებით რთულ ვითარებაში იმყოფება ისეთი სოფლები, რომლებიც ცენტრალური გზებიდან მოშორებით მდებარეობს, ვინაიდან მოსახლეობას უწევს რამდენიმე კილომეტრის გავლა, რათა გავიდეს მაგისტალზე და შეძლოს საჯარო ტრანსპორტით სარგებლობა.

„დილით ადრე მიდიხარ ბაზარში, თუ 12 საათს გადაცდა და სოფლის სამარშრუტო ტაქსი უკვე გავიდა, უნდა დაელოდო წითელი ხიდისას, რომელიც სოფლის ტრასაზე გიჩერებს. ბაზრიდან ხელში ამდენი სიმძიმით 3 კმ-ის მარტო გავლა შეუძლებელია. და მეორე, ხარ ქალი, როგორ უნდა იარო ამდენი გზა ფეხით? სოფლიდან ვინმე ნაცნობი მანქანას თუ გაგიჩერებს, მოგერიდება დაჯდომა, მერე ხალხი რას იტყვის? ჰოდა არ არის ჩვენი დღის წესრიგი...“ - ამბობს კვლევის მონაწილე 43 წლის დიასახლისი, 3 შვილიშვილის ბებია სოფელ ხანჯიღაზლოდან

„მარნეულის მუნიციპალიტეტში მხცოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების პრობლემებისა და საჭიროებების კვლევის“ მიხედვით, გზიდან დაშორებული სოფლიდან მაგისტრალამდე ზოგჯერ რამდენიმე კილომეტრია, რაც ძალიან ართულებს ვითარებას, განსაკუთრებით ქალებისა და უფრო მეტად, ხანში შესული ქალებისთვის, რომელთაც ფეხით სიარული უჭირთ, ხოლო, ახალგაზრდა ქალებისთვის კი ეს, შესაძლოა, საშიშიც კი იყოს, გენდერული ნიშნით ძალადობის თვალსაზრისით. თუ ვინმე მაინც მოახერხებს სოფლიდან მაგისტრალზე ამოსვლას, ძალიან დიდი ხანი უწევს დგომა და ლოდინი, ზოგჯერ ორი საათიც კი. კვლევის მიხედვით, უტრანსპორტობა ყველაზე მწვავე პრობლემაა. შესაბამისად, ადგილობრივი ქალების ერთ-ერთ უმთავრეს საჭიროებას გამართული საჯარო ტრანსპორტი წარმოადგენს.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში მხცოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების პრობლემებისა და საჭიროებების კვლევის“ მიზანი ადგილობრივ პოლიტიკაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების ჩართულობის ხელშეწყობაა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები