მომართვიანობაზეა დამოკიდებული საბჭოს შეკრება - ერთი წლის შემდეგ მარნეულის შშმ პირთა საბჭოს სხდომა გაიმართა
დღეს, 14 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად სულ 5 საკითხი იყო გამოტანილი. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა, რომ ხუთივე საკითხზე საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

„სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო 5 საკითხი, ეს გახლავთ მათ კეთილდღეობაზე ორიენტირებული გარკვეული საკითხების აღსრულება. ესაა გლუკომეტრების შესყიდვა და წნევის აპარატების შესყიდვა უსინათლო პირებისათვის, ასევე ჩვენ გვყავს სმენადაქვეითებული ადამიანები, რომელთაც აქვთ თავისი ოფისი და ყოველდღიური მათი შეკრება ხორციელდება ამ ოფისში და ამ თვალსაზრისით ჩვენ ვცდილობთ, რომ მათი ყოფითი პირობები გავაუმჯობესოთ ამ ტერიტორიაზე. ასევე, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უფასო ტრანსპორტირების ბარათების დამზადების მოთხოვნა რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობა. ასევე, ჩვენ მათ დავუფინანსებთ ექსკურსიას, რომელიც მოთხოვნილია მათ მიერ და გარკვეული საკითხები განვიხილეთ რომელიც არის საინტერესო და მნიშვნელოვანი“. - განაცხადა ნინო დეკანოიძემ

მარნეულის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს სხდომა 2022 წლის 27 ივნისის შემდგომ დღეს პირველად გაიმართა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე და შშმ პირთა საბჭოს თავმჯდომარე თემურ შუბითიძე აცხადებს, რომ საბჭოს სხდომის გამართვა საკითხების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

„სხდომაზე დაგროვილი იყო 5 საკითხი. ყველა საკითხი დადებითად გადაწყდა, ყველა მოგვარებას ექვემდებარება. შემდეგი საბჭო ჩაინიშნება საკითხებიდან გამომდინარე. უნდა იყოს რაოდენობა საკითხების რომ საბჭო შეიკრიბოს, მაგალითად 3-4 ან მეტი საკითხი. ერთ და ორ საკითხზე ნაკლებად ვიკრიბებით, თუმცა თუ ეს საკითხები სასწრაფო იყო მაინც შევიკრიბებით. ანუ, მომართვიანობაზეა დამოკიდებული საბჭოს შეკრება“. - განაცხადა თემურ შუბითიძემ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს სხდომა მარნეულის მასშტაბით მცხოვრები უსინათლო მოქალაქეებისათვის ხმოვანი წნევისა და გლუკომეტრის აპარატების შესყიდვის საკითხით დაიწყო. ნინო დეკანოიძემ საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ მერისამ უკვე იმუშავა გლუკომეტრების შეძენასთან დაკავშირებით, ხოლო წნევის აპარატების შეძენასთან დაკავშირბეით საკითხი მოკვლევის პროცესშია და მერია მათ შეძლებისდაგვარად შეიძენს.

საბჭოში განსახილველი მეორე საკითხი მარნეულის ყრუთა კავშირის ოფისის გარემონტებას შეეხებოდა. ნინო დეკანოიძის განმარტებით, მარნეულის მერია გამოყოფს 1 000 ლარს რათა მოხდეს ყრუთა კავშირის ოფისის გარემონტება.

მესამე საკითხი შაბან მამედოვის მამის წერილს შეეხებოდა. ნინო დეკანოიძის განმარტებით, შაბან მამედოვი არის უმაღლესის სასწავლებლის სტუდენტი და მას აქვს შეზღუდული შესაძლებლობა და მისი გადაადგილება ოჯახს ძალიან უჭირს. მამედოვის გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შშმ პირთა საბჭომ მხარი დაუჭირა მისთვის ერთჯერადად 1 000 ლარის გადაცემას.

მეოთხე საკითხი შეეხებოდა შშმ პირთათვის უფასო ტრანსპორტირებას. 2022 წლის 22 ნოემბერს მარნეულის მერიამ შშმ პირებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით უფასო ტრანსპორტირების ბარათები დაურიგა. დღეს, 14 ივნისს, შშმ პითა საბჭომ მხარი დაუჭირა დამატებით 18 სამგზავრო ბარათის დაბეჭდვას.

შშმ პითა საბჭოს სხდომაზე მეხუთე საკითხად განიხილა შშმ პირებისათვის ექსკურსიის დაფინანსების საკითხი. შშმ პირთა საბჭოს თავმჯდომარე თემურ შუბითიძემ სხდომის მონაწილეებს განუცხადა, რომ მერია შშმ პირებისაგან მარშრუტის მიღების შემდგომ მათ ტრანსპორტს გამოუყოფს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები