როცა არ მოსწონხარ იმიტომ, რომ... - დისკრიმინაცია განსხვავებულობის გამო
კანის ფერის, ჩაცმულობის, ენის არცოდნის, რწმენის, ორიენტაციისა თუ სხვა განმასხვავებელი ნიშნების გამო ადამიანები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი. დისკრიმინაცია გამოიხატება ყოველდღიურ ცხოვრებაში, იქნება ეს სახლიდან უნივერსიტეტამდე მიმავალი გზა, სამსახურის ძებნის პროცესი თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა. საიდა ხშირად გამხდარა დისკრიმინაციის მსხვერპლი ჰიჯაბის ტარების გამო და საკუთარ გამოცდილებას აუდიტორიას უზიარებს. სხვადასხვა სახით დისკირმინაციის მსხვერპლი გამხდარან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებიც, რომლებიც სახელმწიფო ენას ახლა სწავლობენ და სასწავლებლად თბილისში არიან გადასული. ახალგაზრდები გვიყვებიან იმ პრობლემების შესახებ რომლებიც თბილისში გადასვლის შემდგომ შეექმნათ და საუბრობენ მათი გადაჭრის გზებზე.

„ერთხელ CV სურათის გარეშე გავაგზავნე, დამირეკეს და დამიბარეს გასაუბრებაზე. გასაუბრებაზე როდესაც მივედი მითხრეს, რომ ძალიან მოეწონათ ჩემი გამოცდილება, მაგრამ არა ჩემი გარეგნობა. მეკითხებოდნენ თუ შევიცვლიდი გარეგნობას იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში ამიყვანდნენ, უნდოდათ რომ ჰიჯაბი მომეხსნა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დისკრიმინაციაა“ - 21 წლის საიდა მამედოვა რამდენიმე წელია რაც ჰიჯაბს ატარებს. ჰიჯაბის ტარება საიდამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასწავლებლად წალკიდან თბილისში გადავიდა. ჰიჯაბი მისთვის თავისუფლება და თავდაცვაა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ის ჰიჯაბის გამო საფრთხეში გრძნობს თავს.

„ჰიჯაბი ჩემთვის არის შინაგანი თავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან მიუღებელია და ძალიან ბევრ ბარიერს გვიქმნის. ჩვენი გარეგნობის გამო სულ ვართ დისკრიმინაციის მსხვერპლი და სულ ვართ გარიყული. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ფილოლოგიაზე ვსწავლობ და მინდა ინტეგრირებული ვიყო ამ საზოგადოებაში, მაინც გარიყული ვარ, რადგან ვატარებ ჰიჯაბს“.

საიდა იხსენებს შემთხვევებს, როდესაც ის დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. ახალგაზრდა გოგოს ჰიჯაბის გამო პრობლემები ექმნება როგორც საჯარო სივრცეებში, ასევე სამუშაოს ძებნისას.

„ყოველთვის ცუდად გვიყურებენ როდესაც ხედავენ რომ ჰიჯაბი გვიკეთია. გონიათ, რომ აუცილებლად გათხოვილი უნდა ვიყო, რომ ენა არ ვიცი, რომ არ ვარ საქართველოს მოქალაქე. ერთხელ მეტროთი ვმგზავრობდი და ერთი ქალი ჩემი ჰიჯაბის მოხსნასაც შეეცადა. რაღაც კომენტარები ჰქოდნა და როდესაც ქართულად ვუპასუხე აგრესიული გახდა თავს დამესხა. ხშირია შემთხვევები როდესაც ასეთი თავდასხმის ობიექტი ვხდები. გარდა ამისა, პრობლემები გვექმნება სამსახურის ძიების დროსაც. როდესაც CV-ში ხედავენ სურათს არც კი განიხილავენ ამ აპლიკაციას“. - იხსენებს საიდა

საიდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია და ქართულ ფილოლოგიას სწავლობს. საიდა ფიქრობს, რომ საზოგადოებაში რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულების უკეთესობისაკენ ცვლილება თემის წევრების აქტიურობით, ხმის ამოღებითა და საზოგადოებამდე ინფორმაციის მიტანით არის შესაძლებელი.

„ჩვენ უნდა ავუხსნათ ის, რომ ჩვენ არ ვართ საფრთხეები, ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ და არ უნდა ელოდეთ ჩვენგან ცუდი რამის გაკეთებას. ჩვენც ვართ საქართველოს მოქალქეები, ჩვენც ვართ სრულფასოვანი მოქალაეები. ჩვენ გვეუბნებიან, რომ წავიკითხოთ ისტორია და ვნახოთ ატარებდნენ თუ არა ჩვენი წინაპრები ჰიჯაბს, მეც მინდა რომ ამ ადამიანებმა წაიკითხონ ისტორია და გაიგონ თუ ვინ ვართ ჩვენ, საერთოდ რა არის ისლამი და რატომ ვატარებთ ჩვენ ჰიჯაბს. ესეთი დამოკიდებულება არაა მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ. ძალიან ბევრი ქართველი მუსლიმია, ვინც ჰიჯაბს ატარებს და ისინიც ზუსტად ასეთივე პრობლემების წინაშე დგანან“. - ამბობს საიდა

დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა დმანისელი ახალგაზრდა რუსლან ომაროვიც, რომელიც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა ეთნიკური ნიშნით გამოარჩიეს. რუსლანი მამასთან, ბიძაშვილთან და მეგობრებთან ერთად ავტობუსის გაჩერებაზე იდგა, როდესაც მას ორი სამოქალქო ფორმაში გამოწყობილი პირი მიუახლოვდა და ვინაობის დადასტურება მოსთხოვა. რუსლანი იხსნებს, რომ სამართალდამცველები მათ ცინიკურად და აგდებით ესაუბრებოდნენ და ამახვილებდნენ ყურადღებას ქართული ენის არცოდნასა და ქართველობაზე.

„მამაჩემს, რომელმაც თქვა „სტუდენტები არიან, არაფერი დაუშავებიათო“ საკმაოდ „ნაგლურად“ და ზემოდან ყურებით „შენ ვინ ხარ საერთოდ? ქართული იციო?“ უთხრეს, რამაც ცალკე, ძაან გამაბრაზა. წარმოვიდგინე, თუ როგორ მომექცეოდნენ ქართული, რომ არ მცოდნოდა. ამის შემდეგ ცოტა გაგვირძელდა საუბარი. საუბარიც როგორი? ყოველ მეორე სიტყვით შენი დამცირება, დაჩაგვრა სურდათ“. - იხსენებს რუსლანი

რუსლანის საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს. პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე დაწყებულია გამოძიებაც, მაგრამ უცნობია თუ რა ეტაპზეა ის.

აიდა, თურქანი, ჯეირანი და გულჩინი 1+4 პროგრამის სტუდენტები არიან. დაახლოებით 10 თვეა რაც გოგოები თბილისში გადავიდნენ სასწავლებლად და საცხოვრებლად. ოთხივე მათგანი იხსენებს, რომ თბილისში საცხოვრებლად გადასვლამდე ჰქონდათ შიშები, თუ როგორ მიიღებდნენ მათ ქართულ საზოგადოებაში და როგორ მოახერხებნენ თბილისში ცხოვრებას.


ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდების ინტეგრაციის პროცესს გარკვეულწილად ხელს უწყობს 1+4 სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები უნივერსიტეტში პირველ წელს ქართულ ენას სწავლობენ და შემდეგ აგრძელებენ 4 წლიან სწავლას ბაკალავრიატის საფეხურზე.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ბოლო მონაცემების მიხედვით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, საქართველოს მოსახლეობის 13% ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია. მათ შორის ყველაზე მეტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ეთნიკური ჯგუფები საქართველოში საუკუნეებია ცხოვრობენ, მოსახლეობაში ჯერ კიდევ რჩება გარკვეული სტერეოტიპები და ვლინდება ეთნოსისა თუ რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებიც.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის კვლევის „რასობრივი გამორჩევა საქართველოში - საპოლიციო სისტემაში ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტების მიმართ არსებული პოლიტიკა და პრაქტიკა“ მიხედვით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი რესპონდენტები აცხადებენ, რომ ხშირად მათ მიიჩნევენ როგორც „გაუნათლებლებს“ და ქალებზე ხშირად ამბობენ, რომ ისინი აუცილებლად ადრეულ ასაკში ქორწინდნებიან. ეთნიკურად სომეხ რესპონდენტთა წარმომადგენლები საუბრობენ არმენოფობიაზე. მათი აზრით, ყველაზე ხშირად იყენებენ იარლიყებს – „მატყუარა“, „ძუნწი“, „მოღალატე“, „ქურდი“. ზოგიერთი რესპონდენტი საქართველოში არსებულ არმენოფობიას მსოფლიოში არსებულ ანტისემიტიზმს ადარებს.

„ხშირად ტრანსპორტში ქართველები „თათრებს“ გვეძახიან და თუ რაიმე ცუდი მოხდება, ჩვენ გვაბრალებენ. თუ აზერბაიჯანელი ხარ, ხშირად თვლიან, რომ გაუნათლებელი ხარ, მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანელი ქალები აუცილებლად ნაადრევად არიან დაქორწინებული“. - (ეთნიკური აზერბაიჯანელი რესპონდენტი, ქვემო ქართლი)

კვლევა 2021 წელს ჩატარდა და მასში საუბარია იმ გამოწვევებსა და დისკრიმინაციის შემთხვევებზე, რასაც ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობისას აწყდებიან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გარკვეულ შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობების მიმართ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების დამოკიდებულება იცვლება მაშინ, როდესაც ეთნიკური უმცირესობის წამომადგენლები ქართულად საუბრობენ.

საზოგადოებასა და სამართალდამცავ უწყებებში არსებულ დისკრიმინაციის შემთხვევებთან ერთად საქართველოში კვლავ პრობლემურია სისტემური გამოწვევები. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის 2022 წლის კვლევის „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში“ მიხედვით, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის მიმართულებით წლების განმავლობაში არსებული ყველა სისტემური პრობლემა კვლავ გადაუჭრელი დარჩა. კვლევის მიხედვით, საჭიროა ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში არსბული დისკრიმინაციული მიდგომების წინააღმდეგ.

რადიო „მარნეული“


მასალა მომზადდა რადიო მარნეულის მიერ, UშAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (თDI) პროექტის "რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში" ფარგლებში. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია რადიო მარნეული და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები