სკრინინგი სოფლად - სიცოცხლის მეორე შანსი ქალებისთვის
„ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებების დაცვა“ - ასე ჰქვია, ორგანიზაცია სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის პროექტს, რომელმაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრებ 400 ქალს სკრინინგის ჩატარების შესაძლებლობა სრულიად უფასოდ მისცა. ექვს თვეში ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი 8 ქალს დაუსვევს.

ბოლნისის ტელევიზიის ჟურნალისტი, ლიკა ენუქიძე, სამედიცინო დაწესებულებაში სკრინინგის გასაშუქებლად მივიდა. გვიყვება, რომ გადაღების პარალელურად, გადაწყვიტა, გამოკვლევა თავადაც ჩაეტარებინა.


„ორჯერ იყო ქალაქ ბოლნისში ჩამოსული უფასო სკრინინგი და მე, როგორც ჟურნალისტი, გასაშუქებლად ვიყავი მიწვეული. სამირას ვთხოვე (რდ. პროექტის ხელმძღვანელი), მეც ჩამეტარებინა სკრინინგი. მივიღე ის, რომ მქონდა ავთვისებიანი სიმსივნე. არანაირი სიმპტომი არ მქონია, სანამ ეს დაავადება შემთხვევით არ აღმოვაჩინე. რომ არა სამირა და ეს პროექტი, მეორე სიცოცხლის შანსი არ მომეცემოდა. მინდა, ყველა ქალს ვუთხრა, აუცილებლად გაიკეთონ სკრინინგი“, - გვეუბნება ლიკა ენუქიძე

ლიკას მსგავსად, სკრინინგის საშუალებით აღმოაჩინა ონკოლოგიური დაავადება სოფელ ფარიზში მცხოვრებმა ემზარ ჯაფაროვას 58 წლის დედამ.

„რომ არ უფასო სკრინინგის პროგრამა, ალბათ, დედაჩემი დროულად ვერ გაიგებდა დაავადების შესახებ და ვერც მკურნალობას მოვახერხებდით. დედა 58 წლისაა და ახლა მუდმივ ბრძოლაში ვართ. ბევრ რამეზე არ გვაქვს ინფორმაცია ენის არცოდნის გამო. მადლობელი ვარ, რომ დროულად გამოჩნდა ეს პროგრამა. ხშირად უნდა იყოს მსგავსი სერვისები ხელმისაწვდომი სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის“, - ამბობს ემზარ ჯაფაროვა

ბოლნისში მცხოვრები თარანა ისკანდაროვა ერთ-ერთია, ვინც „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმას“ სოფლებში ქალების ინფორმირებულობაში ეხმარება და ადგილობრივ თემში რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ცდილობს. იხსენებს, რომ როდესაც პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს, სიხარულით დათანხმდა, რადგან თემის პრობლემებს კარგად იცნობს:

„რამდენიმე თვის წინ მითხრეს, რომ ერთ ქალს უნდოდა ჩემთან შეხვედრა. ადამიანს, ვისაც ქალების გამოკვლევა სურდა უფასოდ. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ამ ინიციატივას. შევთანხმდით და 15 ქალს შევთავაზე პროექტში მონაწილეობა . წავედით ბოლნისის საავადმყოფოში და ვისარგებლეთ უფასო სამედიცინო სერვისებით. 15-დან ერთს აღმოაჩნდა კიბო. ამის შესახებ მან არაფერი იცოდა.“

„სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმას“, რომელმაც ეს პროექტი ევროკავშირის დახმარებით განახორციელა, ბოლნისში სამირა ისმაილოვა ხელმძღვანელობს. როგორც თვითონ ამბობს, მათი ორგანიზაციის მთავარი ბენეფიციარები სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები და ახალგაზრდები არიან. ადამიანები, რომლებსაც დამატებით სხვადასხვა სახის ბარიერი აქვთ.

„ჩვენი პროექტით, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა და უფლებების დაცვა, უკვე 8 ქალის გადარჩენა შევძელით. აქედან 4 პაციენტს ძუძუს კიბო დაუდგინდა, დანარჩენს ჰქონდა საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა პათოლოგიები. ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან ბევრ არაინფორმირებულ ქალს შევხვდით. ექვს თვეში 40-მდე შეხვედრა გავმართეთ, სულ 1500 ქალს შევხვდით და აქედან 400-მა მათგანმა შეძლო და ჩვენი პროექტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი მიეღო“, - გვიხსნის სამირა.

სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა ცდილობს, რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით მექანიზმები მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში ადგილობრივი თვითმმრთველობების დონეზე დანერგოს. ამისათვის უკვე დაიწყეს ადვოკატირების კამპანია და იმედი აქვთ, რომ ამ პროექტსაც წარმატებით განახორციელებენ.

„პროექტის ლოგიკური გაგრძელება გვინდა, გვინდა, უშუალოდ მუნიციპალურ დონეზე იყოს გათვალისწინებული ის მექანიზმები, რომლებიც დაეხმარება ადგილობრივ, სოფლად მცხოვრებ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს, რომლებსაც სერვისზე ყველაზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი,“ - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე გვიხნის, საქართველოში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრევენციისთვის რამდენიმე უფასო პროგრამა არსებობს, თუმცა დღემდე სერიოზულ გამოწვევად რჩება მოსახლეობის არაინფორმირებულობა. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ავთვისებიანი სიმსივნის სკრინინგ პროგრამა გაეროს მოსახლეობის ფონდის ტექნიკური დახმარებით საქართველოში ჯერ კიდევ 2009 წლიდან ამოქმედდა, სერვისით სარგებლობა დაბალ ნიშნულზეა.

იმისათვის, რომ სკრინინგ პროგრამები ეფექტიანი იყოს და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა შეამციროს, მოსახლეობის მინიმუმ 70 % უნდა იტარებდეს გამოკვლევას. ბოლო მონაცემებით, საქართველოში, ეს მაჩვენებელი ძუძუს კიბოს შემთხვევაში დაახლოებით 14%-ია, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში კი - 12%.

„ძალიან ბევრია ჯერ კიდევ სამუშაო, რომ ეს პროგრამები ხალხთან ახლოს მივიტანოთ, ქალებმა მეტი იცოდნენ ამ სერვისების შესახებ და რაც მთავარია, გამოიყენონ ისინი. საქართველოში სახელმწიფო პროგრამით ოთხი ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგია ხელმისაწვდომი: საშვილოსნოს ყელის, ძუძუს, მსხვილი ნაწლავის და პროსტატის კიბოს მენეჯმენტი და ეს არის სრულიად უფასო. თუმცა როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ იცის მოსახლეობამ, რომ ეს სერვისები არსებობს ან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მათთვის კვლავ პრობლემაა. შეიძლება ეს სერვისები არსებობდეს არა მათ საცხოვრებლებთან ახლოს, არამედ მოშორებით. მაგალითად, თუ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ, სოფელში, მათ სერვისის მისაღებად ნამდვილად მოუწევთ ბოლნისში ჩასვლა. ეს, რა თქმა უნდა, ერთგვარი ბარიერია. კიბოს მართვაში ყველაზე მნიშვნელოვანია ორი მომენტი: ერთი, ეს არის თავიდან აცილება იმ ლოკალიზაციის კიბოების, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია, მაგალითად, ასეთია საშვილოსნოს ყელის კიბო და ეს სკრინინგის და ვაქცინაციის საშუალებით სრულიად შესაძლებელია; მეორე კი ეს არის ადრეული დიაგნოსტიკ, რომელიც ძუძუს კიბოს შემთხვევაში, მაღალი ხარისხით ზრდის მკურნალობის კეთილსაიმედო გამოსავალს,“ - განმარტავს ლელა ბაქარაძე

ლელა ბაქარაძის თქმით, ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა სოფლის ექიმებს შეუძლიათ:

„ყველა კვლევა აჩვენებს, რომ სოფლად მცხოვრები ქალები გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან ამ თვალსაზრისით. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს ასევე აქვთ საკმაოდ მნიშნელოვანი ბარიერი ენის არცოდნის გამო. რა თქმა უნდა, ეს სერვისებზე ხელმისაწვდომობას ამცირებს. ამ თვალსაზრისით, მინდა ხაზი გავუსვა სოფლის ექმების როლს. ამ რგოლის გაძლიერებამ შეუძლია გარდატეხა შეიტანოს მთლიანად მოსახლეობის გაცნობიერებაში. პატარა მაგალითს გეტყვით, კოვიდის პერიოდში კარგად გამოჩნდა რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ციფრულ და ონლაინ სერვისებს ჯანმრთელობის სფეროში. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ხელშეწყობით, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ციფრული მედიცინის განვითარებაზე საქართველოში. პროგრამის შედეგებზე საუბარი ცოტა ადრეა, მაგრამ ერთ-ერთი სერვისი, რაც დაინერგება, ეს არის ის, რომ სოფლის ექიმებს შეეძლებათ, პირდაპირ ჩაწერონ მათი უბნის მცხოვრებლები სკრინინგის პროგრამაში. სოფლად მცხოვრებ ქალებს ამბულატორიის ექიმის დახმარებით შეეძლებათ, ონლაინ დაჯავშონ მათთვის მოსახერხებელი დრო.“

ბოლო სტატისტიკით, რომელიც 2021 წელს მოიცავს, საქართველოში, ქალებში ყველაზე მეტად სარძევე ჯირკვლის კიბოა გავრცელებული. საშვილოსნოს ყელის კიბო კი ხუთ ყველაზე ხშირად გამოვლინებად დაავადებებს შორისაა.

„2015 წელს თუ შევადარებთ, 2021 წელს ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც კარგი დინამიკის მაჩვენებელია. სკრინინგის პროგრამები, განსაკუთრებით საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და ვაქცინაცია, მეტად მოგვცემს შესაძლებლობას, მონაცემები კიდევ უფრო შევამციროთ. ქვეყნებმა, რომლებმაც დანერგეს სკრინინგი და ვაქცინაცია, ფაქტობრივად გაანულეს ახალი შემთხვევების რაოდენობა. საშვილოსნოს ყელის კიბო ფაქტობრივად აღარ ჩნდება ამ ქვეყნებში,“ - გვეუბნება გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და განმარტავს, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს მსგავი რისკების აცილების პოტენციალი. ერთადერთი, რაც ყველაზე მატად გვჭირდება ინფორმირებულობაა, რომელზეც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს.

საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზი ადამიანის პაპილომა ვირუსია, რომელიც საკმაოდ მარტივად, ყველა ტიპის სქესობრივი კონტაქტის საშუალებით ვრცელდება. ცნობილია პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, თუმცა კიბოს რისკს ყველა მათგანი არ ქმნის. დაავადების თავიდან აცილების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, დიაგნოსტიკასთან ერთად, ვაქცინაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს პაპილომა ვირუსის კიბოს გამომწვევი ტიპებისგან იცავს.

ვაქცინაციის საუკეთესო ასაკად 10-14 წელი მიიჩნევა, როგორც გოგონებისთვის, ისე ბიჭებისთვის.

2019 წლიდან პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია საქართველოს ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაშია შეტანილი. თუკი მანამდე ის უფასო იყო მხოლოდ 10-12 წლის გოგონებისთვის, 2022 წელს ასაკი 18 წლამდე გაიზარდა, 2023 წელს კი მთავრობის გადაწყვეტილებით, ზედა ღვარმა 26 წლამდე აიწია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები