დაკავებული სუს-ის ყოფილი თანამშრომელი გახარიას პარტიიდან მარნეულის საკრებულოს წევრობის კანდიდატი იყო
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟსა და გამოძალვაში ბრალდებული მარნეულელი სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ილჰამ ახიევი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულის საკრებულოში მოხვედრას ცდილობდა.

ილჰამ ახიევი გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პროპორციულ სიაში მერვე ადგილს იკავებდა.

რადიო „მარნეულს“ პარტიაში „საქართველოსთვის“ ილჰამ ახიევის საარჩევნო სიაში ყოფნა დაუდასტურეს. პარტიაში განმარტავენ, რომ ახიევს არჩევნების შემდგომ მათთან თანამშრომლობა არ გაუგრძელებია და ის არ ეწეოდა პარტიულ საქმიანობას.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟსა და გამოძალვაში ბრალდებულ ილჰამ ახიევზე სიუჟეტი ტელეკომპანია TV პირველმა მოამზადა.

ტელეკომპანიის სიუჟეტის მიხედვით, გამოძალვისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ორი დამნაშავე ფიგურირებს. ილჰამ აჰიევი და უძრავი ქონების აგენტი ერთად მოქმედებდნენ და ქალს მარნეული პლაზაში არსებული ბინა შანტაჟით გამოძალეს.

საქმის დეტალებზე საუბრისას პროკურორმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულს 188 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

მარნეულელი ილჰამ აჰიევი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 20 წლის განმავლობაში მუშაობდა. დაკავებულის ოჯახის წევრები თვლიან, რომ აჰიევი უდანაშაულოა. აჰიევის მამა აცხადებს, რომ მისმა შვილმა სისტემის შავბნელ საქმეებზე ბევრი რამ იცოდა და ის სწორედ ამიტომ დააკავეს.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები