მაღალაშვილის ხიდის რეაბილიტაცია იანვირის ბოლომდე დამთავრდება - კომპანიის დირექტორი
ქალაქ მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 30 ნოემბრიდან მაღალაშვილის ხიდზე გადაადგილება შეიზღუდა, რამაც ქალაქში საცობები გამოიწვია. მარნეულის მერიაში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 20 დეკემბერს აღდგებოდა, შემდეგ კი დაგვპირდნენ, რომ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ახალ წლამდე აღდგებოდა, მაგრამ მანქანებს ხიდზე გადაადგილება ამ დრომე არ შეუძლიათ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსურლებელი კომპანიის შპს „ირლანის“ დირექტორმა თემურ თაბუკაშვილმა განაცხადა, რომ ხიდის სარებაილიტაციო სამუშაოები იანვრის ბოლომდე დასრულდება.

„მთლიანად ობიექტი თვის ბოლომდე დასრულდება. სავალი ნაწილის გახსნასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერბით სიახლე არაა, რადგან ახალი წლის დღეები რომ იყო ქარხნები, რომლებიც ასფალტს აწარმოებდნენ არ მუშაობდნენ და ველოდებით როდის გაიხსნება ქარხნები და შემდეგ დაიგება ასფალტი“. - განაცხადა თემურ თაბუკაშვილმა

ქალაქ მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „ირლანი“ 1 878 333 ლარად ახორციელებს. მარნეულის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის 5 მაისს გააფორმა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების დასრულების ვადად 150 კალენდარული დღე განისაზღვრა, დაახლოებით 5 თვე. მერიასა და შპს „ირლანს“ შორის 5 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები 12 ოქტომბერს შევიდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას სამუშაოების შესრულებისათვის ვადა 25 დეკემბრამდე მიეცა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ ხიდის ჩაკეტვით გამოწვეული საცობების განსამუხტად მაღალაშვილის ხიდის დაბლა დროებითი სარკინიგზო გადასასვლელიც მოაწყო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები