საჯარო სექტორში ხელფასების გაზრდამ მერიის და „კიდევაც დაიზრდებიანის“ დაცვის ხარჯები 23%-ით გაზარდა
მარნეულის მერიისა და „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტური ძეგლის მიმდებარე სკვერის დაცვის ხარჯები გაიზარდა. მარნეულის მერიამ 2024 წლის განმვალობაში მერიის შენობისა და მუნიციპალიტეტის კუთვნილი ობიექტის - სკვერის „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ცეცხლსასროლი იარაღით 24 საათაიანი დაცვის უზრუნველყოფის მომსახურებება გასული წლების მსგავსად პირდაპირი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისაგან შეისყიდა.

მერიასა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში მერიის შენობისა და „კიდევაც დაიზრდებიან“-ის დაცვისათვის თვითმმართველობა 249 444 ლარს გადაიხდის.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2022-2025 წლებში საჯარო სამსახურებში, მათ შორის შს სამინისტროს სისტემაში, ყოველწლიურად დაგეგმილია საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების მატება. შესაბამისად, დეპარტამენტის მხრიდან, როგორც შს სამინისტროს სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი დანაყოფის მხრიდან, დაწყებულია მზადება და სათანადო ღონისძიებების გატარება ამ მიმართულებით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაცვითი მომსახურების გაუმჯობესების, ეფექტურობის და ოპერატიულობის გაზრდის, მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის მოზიდვისა და თანამშრომელთათვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნის მიზნით, დეპარტამენტში მიღებულია გადაწყვეტილება დაცვითი მომსახურება განხორციელდეს განახლებული სატარიფო პოლიტიკის შესაბამისად, რაც გულისხმობს ჩვენს შეთავაზებას, რომ ობიექტისდღეს არსებული დაცვითი მომსახურების ღირებულება თვეში 16 900 ლარი 2024 წლის 1 იანვრიდან გაიზარდოს 3 887 ლარით“.
- აღნიშნულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის მერაბ ასანიშვილის მიერ მარნეულის მერისათვის გაგზავნილ წერილში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2023 წესლ მერიის შენობისა და „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის დაცვაში 202 800 ლარი გადაიხადა, ხოლო 2022 წელს იგივე მომსახურება დაცვის პოლიციისაგან 162 000 ლარად შეისყიდა.

საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ხელფასების გაზრდის გამო მერიის შენობისა და „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის დაცვის მომსახურება 2023 წელთან შედარებით 23%-ით გაძვირდა

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები