მარნეულში მიუსაფარ ძაღლთა პრობლემებზე დისკუსია გაიმართა
მარნეულში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა მიუსაფარი ძაღლების პრობლემის განხილვა. ღონისძიებაზე, სადაც მონაწილეობას ცხოველთა უფლებადამცველები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები იღებდნენ, იმსჯელეს მარნეულში არსებულ გამოწვევებზე. ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ, თინათინ ჭავჭანიძემ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე და საკანონმდებლო რეგულაციებზე ისაუბრა.



„ეს პრობლემა მხოლოდ მარნეულში არ არის, სრულიად საქართველოშია და ჩვენი ვალდებულებაა წავიდეთ და ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს ველაპარაკოთ სწორი
პრობლემების გადაჭრის გზებზე. მითუმეტეს, რომ ჩვენ ახლა ვართ ევროგაერთიანების გზაზე და მათაც აქვთ რეკომენდაციები. ვთვლით, რომ ყველა ქალაში უნდა ჩავიდეთ და ავუხსნათ, რომ ერთადერთი გზა, ამ პრობლემის გადაწყვეტის პირველი ეს არის, პატრონიანი ცხოველების აღრიცხვა და იდენტიფიკაცია, რათა არ მოხდეს მათი გამრავლება. ძალიან ადვილია მარნეულის ხელა ქალაქში აღრიცხო უსახლკარო ძაღლები, გაასტერილო, აცრა ცოფზე და უკან დააბრუნო. ეს ყველაფერი გულისხმობს როგორც ცხოველის უფლებების დაცვას, ასვე ჩვენ კეთილდღეობის და ჯანმრთელობის დაცვას.“


მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია წლებია აცხადებს ტენდერებს ძაღლების თავშესაფრის მომსახურებაზე, სადაც ერთი და იმავე კომპანია იმარჯვებს და ცხოველები მარნეულიდან ოზურგეთის თავშესაფარში გადაჰყავთ. როგორც ცხოველთა უფლებადამცველი, პედაგოგი, ნატალი სამხარაძე ამბობს, ეს პრობლემას ვერ აგვარებს.

„არის პრობლემა ცნობიერების. მოსახლეობა რეგიონებში ვერ აცნობიერებს იმას, რომ როგორ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი ძაღლი არ გააგდოს ქუჩაში გარეთ. ასევე არის ამასთან ხელმიუწვდომლობა. არ არსებობს სამედიცინო პუნქტი, სადაც წაიყვან სოფელში მაცხოვრებელი ადამიანი ძაღლს და ჩაუტარებს შესაბამის პროცედურებს. მოდი, შევთანხმდეთ იმაზე, რომ მარნეულში ძაღლების უმეტესობა ქუჩაში არის გაუსტერილებელი და არ ხდება პრობლემის ბოლომდე მოგვარება. ახლოს უნდა იყოს სამედიცინო პუნქტი, ოზურგეთამდე ძალიან დიდი გზაა, ძაღლი იტანჯება“

შეხვედრაზე მონაწილეობას ონლაინ იღებდა ოზურგეთის თავშესაფრის წარმომადგენელი, რომელმაც განმარტა, რომ ისინი ნერგავენ ახალ სერვისს, რომელიც მობილური ჯგუფების მეშვეობით ძაღლების ადგილზე სტერილიზაციას და სხვა პროცედურების ჩატარებას გულისხმობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არ ჩატარებულა მიუსაფარი ცხოველების აღრიცხვა. საკრებულოს ამ დრომდე არ მიუღია დადგენილება ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესზე. როგორც შეხვედრის ორგანიზატორი, მარიამ სამხარაძე ამბობს, მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრის სწორი გზები დასახონ.

„დიდი ხანია გვინდა ეს თემა აქტუალური გავხადოთ, მუნიციპალიტეტისგან ველოდებით უფრო მეტ აქტიურობას, იმიტომ, რომ ყოველწლიურად აცხადებენ ტენდერებს და ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია სტერილიზაციის სერვისი არსებობდეს მარნეულში“

ძაღლების პრობლემის განხილვაში მონაწილეობას იღებდა წითელსოფელში მცხოვრები არამ აკოფიანი.

„ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ხანია ეს პრობლემა დგას. მათ შორის ჩემს სოფელშიც. მაგალითად, ბავშვები ვერ დადიან სტადიონზე, ძაღლები ჯგუფურად დადიან ხოლმე. მნიშვნელოვანია ეს საკითხი რომ მოგვარდეს.“

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი. როგორც მან მარნეულის მერიის წარმომადგენლებს, უთხრა, მზადაა მუნიციპალიტეტს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგებლება მზაობა გამოთქვეს პრობლემის მოგვარების უფრო ეფექტური გზების გამონახვაში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები