მარნეულის მერიამ „ინტერპრესნიუსთან“ 5 999 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ შპს „ახალი ამბების“ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი - IPN”-თან გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა.

გამარტივებული ხელშეკრულების მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმება მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით გახდა საჭირო.

„მოგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და ჩატარებული ღონისძიებების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების, ასევე, კულტურული და სპორტული აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვანია.
მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, ერთ-ერთ აუცილებლობად მივიჩნევთ, საინფორმაციო სააგენტოებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ 2024 წლის იანვრიდან - დეკემბრის ჩათვლით, საინფორმაციო სააგენტომ, მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გაავრცელოს საკუთარ საიტზე, რაც მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის გავრცელების დამატებითი ინსტრუმენტი იქნება“
- აღნიშნულია მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის დავით ჭიკაძის მოხსენებით ბარათში

მერიასა და „ინტერპრესნიუსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მედიასაშუალება ვალდებული იქნება განათავსოს მარნეულის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ყოველთვიურად, თვეში 5-ჯერ.

მარნეულის მერიამ „ინტერპრესნიუსთან“ გამარტივებული წესით ხელშეკრულება 5 999 ლარად და 95 თეთრად გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიას ცალკე აქვს გამოცხადებული 150 000 ლარის ღირებულების ტენდერი სატელევიზიო მომსაუხრების შესყიდვისათვის.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები