ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად მარნეულის მერია 163 250 ლარის დახარჯვას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2024 წელს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე კონცერტის ორგანიზებისათვის ხარჯები, გასულ წელთან შედარებით, გააორმაგა.
მარნეულის მერია 2024 წელს ნოვრუზ ბაირამის საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვას 163 250 ლარად გეგმავს. 2023 წელს მერიამ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის ორგანიზებაში 82 541 ლარი დახარჯა.

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, კონცერტზე აზერბაიჯანიდან მოწვეული მომღერლებიც იმღერებენ.

„აზერბაიჯანში მოღვაწე, აღიარებული 1 ან 3 მომღერალი (ქალბატონი ბატონი), 45 წლამდე ასაკის, უნდა ჰქონდეს გამოცემული არაერთი ალბომი. რეპერტუარის ხანგრძლივობა- არანაკლებ 45 წუთი.
დუეტი ქალბატონი და მამაკაცი უნდა ასრულებდნენ ქალაქური ჟანრის სიმღერებს, მათი რეპერტუარი არანაკლებ 30 წუთი. აშუღი ქალბატონი, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობის გამოცდილებით უნდა წარსდგეს აზერბაიჯანული სიმღერებით, რეპერტუარი არანაკლებ 10 წუთი.
აზერბაიჯანული საესტრადო სიმღერების შემსრულებელი მამაკაცი, ასაკი 30-40 წ. თითოეულმა უნდა შესარულოს არანაკლებ 2 სიმღერა“.
- აღნიშნულია ხარჯთაღრიცხვაში

ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ბაირამობაზე დაქირავებული იქნებიან მსახიობები „ბაჰარ გზი, დადი გრგტ, ქოსა და ქეჩალო“-ს როლების შესასრულებლად, 4 მსახიობი „ოჩოფეხი“, ანიმატორები და ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტების შემსრულებლები ფაიტონის მსვლელობის გასაფორმებლად.

გასული წლის მსგავსად, ნოვრუზის დღესასწაულზე აანთებენ კოცონს, გაიმართება სპორტული შეჯიბრებები და მოეწყობა სივრცე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოსაფენად. კონცერტზე ასევე შესაძლებელი იქნება აზერბაიჯანული ტრადიციული კერძების და ტკბილეულობის დაგემოვნებაც.

მარნეულის მერიამ ნოვრუზ ბაირამის საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვის ტენდერი 13 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 23-დან 26 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ.
"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა - სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.

21 მარტამდე, ნოვრუზ ბაირამს ოთხი ჩერშენბე უძღვის წინ ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია „ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და ცეცხლს.

აღსანიშნავია, რომ ნოვრუზის აღნიშვნის უძველესი წესის აღწერას „ვეფხისტყაოსანშიც“ ვხვდებით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები