ყიზილაჯლოში სოფლის კრებაზე გარე განათების მოწყობას დაუჭირეს მხარი
დღეს, 14 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში საერთო კრება გაიმართა. სოფლის საერთო კრებები მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იმართება.

ყიზილაჯლოში სოფლის კრების დაწყება 15:00 საათზე იყო დაგგმილი. მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვების პროცესის გამო კრება 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მარნეულის მერიის წარმომადგენლებმა ყიზილაჯლოელებს განუმარტეს, რომ სოფლის მხარსაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლისათვის 20 000 ლარია გამოყოფილი და განუცხადეს, რომ ყიზილაჯლოდან მერიაში, პროგრამის ფარგლებში, გარე განათების მოწყობაზე იყო წინადადება შესული. ასევე, მოსახლეობას შესთავაზეს სხვა, მათთვის საჭირო, პროექტების დასახელება.

"დიდი სოფელია და პრობლემაც ბევრია, მაგრამ რახან თანხა ცოტაა გამოყოფილი, ჯობია ამ ფულით ისევ გარე განათება გავაკეთოთ". - განაცხადა ერთ-ერთმა ყიზილაჯლოელმა

ყიზილაჯლოში მოსახლეობამ 2023 წლის მსგავსად გარე განათების მოწყობას დაუჭირა მხარი.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას ყიზილაჯლოში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა სადრადდინ ტალიბოვმა განაცხადა, რომ სოფელში 42 კილომეტრი გზაა, საედანაც გარე განათება მხოლოდ 21 კილომეტრზეა. მისივე თქმით, გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყიზილაჯლოში 59 ახალი გარე განათების ბოძი დააყენეს.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები